მეან-გინეკოლოგი, ქირურგი გინეკოლოგი ლევან გვარამაძე შარდის შეუკავებლობაზე

შარდის შეუკავებლობა ქალბატონებში არის დაავადება – მდგომარეობა, როდესაც ვერ ხდება შარდის ბუშტის დაცლის კონტროლი, რაც იწვევს ცხოვრების ხარისხის მკვეთრ დაქვეითებას, იძულებით დესოციალიზაციას, მუდმივ დაძაბულობას და უხერხულობას. ქალბატონების ასაკის მიხედვით შარდის შეუკავებლობა სხვადასხვა სიხშირით არის გავრცელებული, 40 წლამდე მისი გავრცელება დაახლოებით პოპულაციის 20 %–ში გვხვდება, 60 წლის ზემოთ გავრცელება 50 %–ს აჭარბებს. დაავადების ჩამოყალიბება უკავშირდება შემდეგ ძირითად ფაქტორებს:

1. ტრავმული დაზიანება (მათ შორის ყველაზე ხშირად ტრავმული მშობიარობა);
2. ფსიქო–ემოციური სტრესი; 3.ასაკობრივი ცვლილებები (ძირითადად ესტროგენის დეფიციტი);

ზემოთ ჩამოთვლილი გამომწვევი ფაქტორები სხვადასხვა ასაკში განსხვავებული ალბათობით გვხვდება, თუმცა ხშირია შემთხვევები როდესაც შარდის შეუკავებლობის ჩამოყალიბება უკავშირდება ორი და მეტი რისკ ფაქტორის ერთობლივ არსებობას. შარდის შეუკავებლობის კლინიკური ფორმებია: 1. შარდის სტრესული შეუკავებლობა; 2. მოშარდვის ურგენტული (იმპერატიული, დაძაბული) სურვილი;

3. შარდის შეუკავებლობის შერეული ფორმა; სტრესული შეუკავებლობა ხასიათდება შარდის უნებლიე გამოყოფით ისეთი ფიზიკური დაძაბვის დროს როგორიცაა დახველება, დაცემინება, სიცილი, სირბილი, სიმძიმის აწევა, უეცარი წამოდგომა და სქესობრივი აქტიც კი…..

სტრესული შარდის შეუკავებლობა დაკავშირებულია მცირე მენჯის კუნთების, შარდის ბუშტის საფიქსაციო კუნთების და შარდსადენის იოგოვანი აპარატის მოდუნება – დაზიანებასთან. ყოველივე ზემოთჩამოთვლილი შეიძლება იყოს ტრავმული ან ჰორმონული დეფიციტით გამოწვეული. ტრავმული დაზიანება გვხვდება ძირითადად რეპროდუქციულ ასაკში და გამოწვეულია ტრავმული მშობიარობით, ასევე გვხვდება შემთხვევები როცა ტრავმა მშობიარობასთან არ არის კავშირში. (აქვე უნდა აღინიშნოს რომ ფიზიოლოგიური მშობიარობა ყოველთვის ტრავმული არ არის!!!)

ჰორმონული დეფიციტით გამოწვეული შეუკავებლობა გვხვდება კლიმაქტერულ ასაკში და დაკავშირებულია ესტროგენის დეფიციტთან.

შარდის შეუკავებლობის ურგენტული ფორმა დაკავშირებულია შარდის ბუშტის კედლის ზეაქტიურ შეკუმშვასთან, რომელიც ვლინდება შემდეგნაირად: შარდის მოცულობა აღიზიანებს შარდის ბუშტს, რასაც მოყვება კედლის ზომიერზე მეტად გაღიზიანება, ზეაქტიური შეკუმშვა და შარდის უნებლიე დაღვრა.

შერეული ფორმა ხასიათდება სტრესული და ურგენტული შეუკავებლობის ერთობლივი არსებობით. მკურნალობის ტაქტიკის შემუშავება ხდება ადექვატური და სწორი დიაგნოსტირების შემდეგ. პაციენტის კონსულტირებაში სასურველია ჩართული იყოს გინეკოლოგთან ერთად უროლოგი და ფსიქო–ნევროლოგი. აღსანიშნავია, რომ დაავადებას ახასიათებს დინამიკაში პროგრესირება და დროული მიმართვიანობა ექიმთან ძალიან მნიშვნელოვანია. შარდის შეუკავებლობის ფორმის და სტადიის დადგენის შემდეგ ხდება მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა. არსებობს კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა. კონსერვატიული მეთოდი გულისხმობს მედიკამენტოზურ, ელექტროსტიმულაციურ და ვარჯიშებით მკურნალობას. ქირურგიული ჩარევა ხდება დაავადების ტერმინალურ სტადიაში, მაშინ როცა კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა, და გულისხმობს რეკონსტრუქციულ და ფიქსაციურ ოპერაციებს. იზოლირებულად შარდსადენის იოგოვანი აპარატის დაზიანებით გამოწვეული შარდის შეუკავებლობის შემთხვევაში შესაძლებელია შარდსადენის ფიქსაცია მცირეინვაზიური (არაქირურგიული) ჩარევით.

მიმართეთ ექიმს დროულად! პატივისცემით ლევან გვარამაძე

კონსულტაციაზე ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: +995 599 188 444+995 598 103 337

ძიება

+