About-Dental-Implantation.

დენტალურ იმპლანტაციაზე ხშირად დასმული კითხვები

იმპლანტაცია ჭირდება ადამიანს რომელსაც, აკლია ერთი ან რამოდენიმე კბილი. ასევე მას ვისაც საერთოდ არ აქვს კბილი პირის ღრუში.

giorgi-kochiashvili

გიორგი ქოჩიაშვილი MD. Ph.D.

იმპლანტოლოგი-ორთოპედი

  1. ვის ჭირდება იმპლანტაცია?

იმპლანტაცია ჭირდება ადამიანს რომელსაც, აკლია ერთი ან რამოდენიმე კბილი. ასევე მას ვისაც საერთოდ არ აქვს კბილი პირის ღრუში.

იმპლანტი ასრულებს ხელოვნური ფესვის ფუნქციას. ის ინერგება ყბის ძვალში და შემდეგ მასზე მაგრდება ხელოვნური გვირგივინი (კბილი) იმპლანტირებული კბილი თითქმის სრულყოფილად აღდგენს როგორც ღეჭვით, ასევე ესთეტიკურ ფუნქციას.

  1. როგორ მიმდინარეობს იმპლანტაციის პროცესი და რამდენად რთულია ის პაციენტისთვის?

დღესდღეობით საკმაოდ დაიხვეწა იმპლანტის ჩანერგვის პროცედურა (იმპლანტაცია) იგი მიმდინარეობს მინიმალური ინვაზიით(ჩარევით). მოგეხსებენათ ყველაზე თანამედროვე მეთოდია „იმპლანტაცია განაკვეთის გარეშე“, ამ დროს არ კეთდება განაკვეთი და შესაბამისად არც ნაკერები. ხდება პირდაპირ ღრძილის გავლით იმპლანტის ჩასმა და რეაბილიტაციის პროცესიც მარტივია. ეგრეთ წოდებული ნავიგაციური მეთოდით მკურნალობისას წინასწარ მზადდება მიმმართველი „გაიდი“ რაც განაპირობებს იმპლანტების მაქსიმალური სიზუსტით პოზიციონირებას ყბის ძვალში. ზუსტადაა განსაზღვრული იმპლანტების დიამეტრი, სიგრძე, დაძირვის სიღრმე, დახრის კუთხე და ერთმანეთთან დაშორება. ამ მეთოდის უპირატესობა გახლავთ პირველი – ნაკლებ ინვაზიურობა და მეორე ყველაზე მთავარი – იმპლანტის ხანგძლივი ფუნქციონირება. გაიდით (ნავიგაციური მეთოდით) იმპლანტაცია დენსში აპრობირებული მეთოდია, ჩვენ ამ მეთოდით ვმკურნალობთ პაციენტებს უკვე ხუთი წელია და გვაქვს საუკეთესო შედეგები.

  1. როგორ შევარჩიო ჩემთვის სასურველი იმპლანტი?

დენსში გვაქვს სამი კატეგორიის იმპლანტები:

I- პრემიუმ პლიუსი

II-პრემიუმი

III-ბიუჯეტური

პრემიუმ პლიუსი -Straumann -ის ფირმის იმპლანტები რომელიც ითვლება N1 ბრენდად იმპლანტაციაში. ყველა დენტალური იმპლანტი დედამიწის ზურგზე შედგება ტიტანისგან, მხოლოდ Straumann-ს აქვს სპეციალური შენადნობი „როქსოლიტი“ (Roxolite) რომელიც შეიცავს 85% ტიტანს და 15% ცირკონიუმს. აღნიშნულის გამო მას აქვს ძალიან მაღალი სიმტკიცე და შესაბამისი ელასტიურობის მოდული, რაც საშუალებას იძლევა დამზადდეს მინიმალური ზომის იმპლანტები, რომლებიც წარმატებით გამოიყენება ატროფული ძვლის შემთხვევაშიც კი. ასევე Straumann-ის უპირატესობა გახლავთ იმპლანტის ზედაპირის სპეციალური დამუშავება (აქტიური ზედაპირის შექმნა – SLActive) რაც აჩქარებს იმპლანტის ძვალთან შეზრდის პროცესს. ყველა სხვა იმპლანტის შემთხვევაში ოსტეოინტეგრაცია გრძელდება 3 თვე, ხოლო Straumann SLActive დროს მხოლოდ 1თვე. ანუ მუდმივი სამუშაოს შესრულება შეგვიძლია – იმპლანტაციიდან ერთი თვის შემდეგ. დამეთანხმებით ეს საკმაოდ დიდი ბენეფიტია, განსაკუთრებით ჩამოსული პაციენტებისთვის. ასევე ზოგადი დაავადებების არსებობის შემთხვევაში როგორიცაა: დიაბეტი, ოსტეოპოროზი, იმუნიტეტის დაქვეითება და სხვა, აქტიური ზედაპირის მქონე იმპლანტების ინტეგრაციის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია ვიდრე ჩვეულებრივისა. ასევე Straumann-ის იმპლანტებს აქვს საერთაშორისო გარანტია და დაზღვევა მთელი სიცოცხლის მანძილზე. ეს ნიშნავს, რომ რაიმე მცირე ინციდენტის შემთხვევაშიც კი შეგიძლიათ მიიღოთ უფასო მომსახურება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ დროს სადაც კი Straumann-ი ოპერირებს.

II-პრემიუმ კლასში ერთიანდება Dentium, Bredent, Shults – ის იმპლანტები. ესაა იმპლანტები, რომლითაც სარგებლობს მოქალაქეების 90%. აქაც ჩვენ ვპირდებით პაციენტების, რომ სათანადო მოვლის შემთხვევაში იმპალნტები იმსახურებენ სიცოცხლის ბოლომდე.

III- ბიუჯეტურ კატეგორიაში გვაქვს ასევე სხვადასხვა სისტემის იმპლანტები რომლებიც ოპერირებენ საქართველოში. ამ კატეგორიის იმპლანტებით ჩვენ ვემსახურებით ძირითადად ხანდაზმულ პაციენტებს: 75, 80, 85 წლის.

რომელთა საღეჭი აპარატი (ზედა და ქვედა ყბის ძვალი, საღეჭი და მიმიკური კუნთები) საგრძნობლად ატროფირებულია და შესაბამისად ღეჭვითი დატვირთვებიც ნაკლებია. ამ დროს იმპლანტებზე ვითარდება ნაკლები ზეწოლა და აქედან გამომდინარე მათი სიცოცხლისუნარიანობაც ხანგძლივია.

  1. აქვს თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა იმპლანტაციას?

ზედა ზღვარი იმპლანტაციას არ აქვს, ის შეიძლება გაკეთდეს ღრმად მოხუცებულობაშიც კი იმისთვის, რომ ამაღლდეს ცხოვრების ხარისხი. ქვედა ზღვარი კი არის 18-20 წ. ვინაიდან ამ პერიოდამდე ხდება ახალგაზრდის ძვლოვანი სისტემის აქტიური ფორმირება.

  1. რა გართულება შეიძლება მოყვეს იმპლანტაციას?

ერთ-ერთ გართულებას წარმოადგენს იმპლანტის დეზინტეგრაცია, ანუ იმპლანტი არ ეზრდება ძვლოვან ქსოვილს, რაც საკმაოდ იშვიათად ხდება. ეს უმტკივნეულო გართულებაა და არავითარ კვალს არ ტოვებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. უმეტესწილად შესაძებელია პროცედურის ხელმეორედ გამეორება 4-6 კვირის შემდეგ ან მკურნალობის ალტერნატიული მეთოდით ჩანაცვლება.

  1. როდის არ შეიძლება იმპლანტის გაკეთება?

მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის განვითარების შესაბამისად საგრძნობლად დაიხვეწა როგორც იმპლანტების დამზადების, ასევე მკურნალობის მეთოდებიც. ის, რაც შეუძლებელი იყო გუშინ, დღეს შესაძლებელია. მთელ რიგი დაავადებები, რაც დამახასიათებელია ადამიანისთვის, წარმოადგენს მხოლოდ რისკ ფაქტორს იმპლანტაციის დროს.

ძალიან მცირეა დაავადებათა რიცხვი, რომლის დროსაც უკუნაჩვენებია ოპერაცია. ასეთებია მაგალითად: – ჰემოფილია, კოაგულაციის და ჰემოსტაზის დარღვევები, დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული დაავადებები დეკომპენსაციის ფაზაში. ავთვისებიანი სიმსივნეების IV სტადია და ფსიქიკური მოშლილობები და სხვა.

  1. რა შემთხვევაში კეთდება ზოგადი გაუტკივარება?

მიუხედავად იმისა რომ თვითონ იმპლანტის ჩასმა საკმაოდ მარტივი და ატრამვული პროცედურაა, არის რიგი შემთხვევები, როცა ერთ სეანსში კეთდება დაავადებული კბილების ექსტრაქცია (ამოღება) მაშინვე იმპლანტაცია(დაუყოვნებლივი იმპლანტაცია) და მაშინვე დროებითი კბილების დამზადება(დაუყოვნებლივი დატვირთვა). ასეთ დროს გაუტკივარება (ნარკოზი) წარმოადგენს მკურნალობის შესანიშნავ საშუალებას. პაციენტი თავს გრძნობს უსაფრთხოდ და კომფორტულად.

ასევე, როცა პაციენტი განიცდის ფობიას სტომატოლოგიური მანიპულაციებისადმი, მისთვის საუკეთესო გამოსავალია ნარკოზი.

ხშირად, აღნიშნულ მეთოდს ვიყენებთ მცირეწლოვანი ბავშვების მკურნალობის დროსაც. ნარკოზით მკურნალობა დენსში დანერგილია წლების მანძილზე და მას ემსახურებიან გამოცდილი ექიმი-ანესთეზიოლოგები.

  1. რა დრო ჭირდება ჩამოსული პაციენტის რეაბილიტაციას?

დაუშვათ პაციენტი მოგვმართავს სამკურნალოდ სხვა ქვეყნიდან. პირველ ვიზიტზე (ჩამოსვლაზე) საკმარისია ერთი კვირა. ამ დროში ვაკეთებთ კბილების ექსტრაქციას (თუ ამოსაღებია) დაუყოვნებლივ იმპლანტაციას და დაუყოვნებლივ ვამზადებთ დროებით კბილებს (მოუხსნელი კონსტრუქცია). ერთი კვირის თავზე ვხსნით ნაკერებს და პაციენტი მიფრინავს უკან. მეორე ვიზიტასთვის საჭიროა მინიმუმ ორი კვირა. ამ დროს ხდება უკვე მუდმივი სამუშაოს დამზადება იმპლანტებზე – მეტალოკერამიკის ან ცირკონოკერამიკის გვირგვინები, იმის მიხედვით თუ რას შევარჩევთ პაციენტთან ერთად. პირველ და მეორე ვიზიტებს შორის დრო უნდა იყოს მინიმუმ სამი თვე, მაქსიმუმს არ აქვს ზღვარი. შეიძლება იყოს ერთი წელიც და მეტიც. პაციენტი ყოველთვის ვერ ახერხებს დადგენილ ვადებში ჩამოსვლას, მაგრამ ამით საქმე არ ფუჭდება.

  1. რაზეა დამოკიდებული იმპლანტის ფუნქციონირების ვადა?

პირველ რიგში, იმპლანტაციის ფუნქციონირების ვადა დამოკიდებულია იმპლანტის ხარისხზე, შემდეგ მის მართებულ მოთავსებაზე სარეცელში (ჩვენ ვისაუბრეთ „გაიდით“ იმპლანტაციაზე და დაგეგმარებაზე, რა დროსაც ხდება ყველა ნიუანსის გათვლა, როგორც ქირურგიულის, ასევე ორთოპედიულის) ასევე იმ დატვირთვებზე, რომელიც ვითარდება ღეჭვითი ფუნქციის შესრულების დროს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად დაგეგმილ და სწორად შესრულებულ ორთოპედიულ სამუშაოს, ანუ იმპლანტზე ზედნაშენს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია ექიმი ორთოპედის კვალიფიკაცია და გამოცდილება, რაც დენსის ექიმებს ნამდვილად არ აკლიათ. ჩვენ უკვე 21 წელია საკმაოდ აქტიურად ვაკეთებთ იმპლანტებს და მათზე ვაფიქსირებთ გვირგვინებს. ის პირველი იმპლანტებიც კი, რომლებიც ოცი წლის წინ ჩავსვით, დღესაც წარმატებით ფუნქციონირებენ. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ თუ სამუშაო იქნება მართებულად დაგეგმილი, სწორად შესრულებული და ექნება სათანადო მოვლა (პროფილაქტიკური ვიზიტები ექიმთან) შეიძლება ვისაუბროთ მის მუდმივ ფუნქციონირებაზე.

giorgi-kochiashvili

გიორგი ქოჩიაშვილი MD. Ph.D.

იმპლანტოლოგი-ორთოპედი

საკონტაქტო ინფორმაცია

სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი "დენსი"

თბილისი, ფანჯიკიძის ქ.N22
თბილისი, ყიფშიძის ქ.N2ბ.
რუსთავი, კოსტავას გამზ.N11

(032) 2 599 599

info@dens.ge

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

845