alpha-pvp

სინთეზური კათინონის, ალფა-პვპ-ს (ALPHA-PVP) მომხარებასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ, საქართველოში ცირკულაციაში ახლად შემოსული სინთეზური კათინონის, ალფა-პვპ-ს (ALPHA-PVP) მომხარებასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ.

manana-kezhevadze

მანანა კეჟევაძე
ნარკოლოგი

ბოლო პერიოდის განმავლობაში, შეხება გვაქვს ისეთ ახალ ნარკოტიკულ ნივთირებებთან როგორიც არის ალფა-პვპ (ALPHA-PVP), რაც საკმაოდ ამძაფრებს ნარკოტიკული ნივთირებების მოხმარებასთან დაკავშირებულ სიტუაციას ქვეყანაში. ალფა-პვპ (ALPHA-PVP), ეს არის სინთეზური კათინონი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „აბაზანის მარილი”. ამ ნარკოტიკული ნივთირების სინთეზური ბუნება და მისი მუდმივად განვითარებადი ფორმულირებები წარმოადგენს უპრეცედენტო გამოწვევას ჯანდაცვის პროფესიონალებისა და სამართალდამცავებისთვის. როგორც ტრადიციულად წლების განმავლობაში ცირკულაციაში მყოფი, ისე ახლად წარმოშობილი ნივთიერებების დინამიკის გააზრება გადამწყვეტი ხდება ახალი სტრატეგიების შემუშავებისთვის, რომლებიც შეესაბამება იმ ინდივიდების საჭიროებებს, ვინც ებრძვიან დამოკიდებულებას საქართველოში.

ალფა-პვპ (ALPHA-PVP), რომელიც ასევე ცნობილია, როგორც “(f) ფლაკა” (Flakka) ან “აბაზანის მარილი” (Bath Salts), ქიმიურად წარმოადგენს კათინონების კლასის სინთეზურ სტიმულატორს, სტრუქტურულად დაკავშირებულს პიროვალერონთან. სინთეზური კათინონები ეს არის ფსიქოაქტიური ნივთიერებების კლასი, რომლებიც ქიმიურად ჰგავს კათინონს, ბუნებრივ სტიმულატორს, რომელიც გვხვდება მცენარეში სახელწოდებით კათი (khat/Qat). ამ ნივთიერებებს ჩვეულებრივ მოიხსენიებენ, როგორც “აბაზანის მარილებს”. სინთეზური კათინონები არის ნარკოტიკების უფრო დიდი ჯგუფის ნაწილი, რომელიც ცნობილია როგორც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები (New Psychoachtive Substances) ან/და დიზაინერული ნარკოტიკები (Designer Drug).

რაც შეეხება თვითონ ალფა-პვპ-ს (ALPHA-PVP), ამ ნარკოტიკული ნივთიერების შემადგენლობა შესაძლებელია განსხვავდებოდეს, მაგრამ ძირითადად სინთეზური კათინონისა და ბეტა-ფენილ-ეთილამინის (β-phenyl-ethylamine) შემცველი სტიმულატორი გახლავთ. მომხმარებლები ასახელებენ სხვადასხვა სპექტრის გამოცდილებას, რომელიც მერყეობს ინტენსიური ეიფორიიდან მძიმე აჟიოტაჟის შეგრძნებამდე. ალფა-პვპ-ს (ALPHA-PVP), ზემოქმედება ორგანიზმზე მრავალფეროვანია და შეიძლება მოიცავდეს გაძლიერებული განგაშის შეგრძნებას, მოზღვავებულ ენერგიას და/ან, პირიქით, უკიდურეს ჰიპერსტიმულაციას, რომელიც იწვევს შფოთვას და პარანოიას. მომხმარებლებმა ასევე შეიძლება განიცადონ ჰალუცინაციები, ბოდვები და, მძიმე შემთხვევებში, ძალადობრივი ქცევა, რაც ალფა-პვპ-ს (ALPHA-PVP) პოტენციურად საშიში ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური შედეგების შემცველ ნივთიერებად აქცევს. შესაბამისად, ტრადიციული ოპიოიდებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად ზეგავლენას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ალფა-პვპ (ALPHA-PVP) მოქმედებს როგორც სინთეზური კათინონი, რომელიც იწვევს ძლიერ ეიფორიას ისეთი ნეიროტრანსმიტერების განთავისუფლებით, როგორიც არის დოფამინი და ნორეპინეფრინი.

ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ალფა-პვპ (ALPHA-PVP) თავდაპირველად იწვევს სიამოვნების გაძლიერებულ გრძნობას, მაგრამ სწრაფად გადაიზრდება დისფორულ და არასასიამოვნო მდგომარეობაში. ალფა-პვპ (ALPHA-PVP) წარმოადგენს საკმაოდ დიდ გამოწვევას, როგორც ჯანდაცვის წარმომადგენლებისთვის, ისე ამ სტიმულატორის მომხმარებლებისთვის რადგან მისგან გამოწვეული ეფექტების წინასწარ განსაზღვრა და მართვა შეუძლებელია.

არაერთი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ბეტა-ფენილ-ეთილამინისა (β-phenyl-ethylamine) და სინთეზური კათინონის შემცველობის ნარკოტიკული ნივთიერებები იწვევს სავალალო შედეგებს, როგორიც არის სიმპათომიმეტური ტოქსიკურობა (sympathomimetic toxicity), რაც უმეტესად ვლინდება გამოწვეული მანიით, ტაქიკარდიით, მაღალი წნევითა და ზოგჯერ ჰალუცინაციებით, ჰიპონატრიემიით, გულმკერდის ტკივილითა და გულისრევით. იმავე კვლევებზე დაყრდნობით, ზოგ მძმიმე შემთხვევებში ზემოთხსენებული ნივთიერებების შემცველი სტიმულატორების მოხმარება იწვევს ეპილეფსიას, პერიფერიული ორგანოების დაზიანებას, რაბდომიოლიზსა (იგივე კუნთოვანი უჯრედების ანუ მიოციტების დაშლას) და უმეტეს შემთხვევაში სიკვდილსაც კი.

იქიდან გამომდინარე, რომ ალფა-პვპ (ALPHA-PVP) საკმაოდ სახიფათო სტიმულატორს წარმოადგენს და ძალიან მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური შედეგების მომტანია ნებისმიერისთვის, ვთვლი, რომ აუცილებელი ხდება საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება. შესაბამისად, ზიანის შემცირების ყოვლისმომცველი სტრატეგიების შემუშავება, საზოგადოების განათლება ალფა-პვპ-სთან (ALPHA-PVP) დაკავშირებული სპეციფიკური რისკების შესახებ და ჯანდაცვის პროფესიონალებს, მკვლევარებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა გადამწყვეტი ხდება ამ განსაკუთრებით რთული ნივთიერების მოხმარებისა და ზემოქმედების შესამცირებლად ჩვენს ქვეყანაში.

manana-kezhevadze

მანანა კეჟევაძე

ნარკოლოგი

საკონტაქტო ინფორმაცია

ჯ.ჭანტურიას სამედიცინო ცენტრი

თორნიკე ერისთავის ქ. #40

+995 599 577 616

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

337