ლუგარის კვლევითი ცენტრი

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე არსებული კვლევითი ცენტრი (ლაბორატორია), რომელიც 2011 წელს გაიხსნა და სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას.

ლუგარის ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო ბაზაა რეგიონში ბიოსამედიცინო სფეროში და ბიოუსაფრთხოებაში სამეცნიერო კვლევებისათვის და სტუდენტების, მაგისტრების და დოქტორების მოსამზადებლად. კვლევითი ცენტრი მდებარეობს თბილისში, კახეთის გზატკეცილზე.

პაატა იმნაძე MD. PhD.

საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული საქართველოში არსებობდა სხვადასხვა პროფილის ლაბორატორიები, როგორიცაა თბილისში, საბურთალოს რაიონში, ასათიანის ქუჩაზე არსებული „შავი ჭირის საწინააღმდეგო საქართველოს სადგური“, რომელიც დღეს „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრად“ არის გადაკეთებული, სადაც თითქმის 70 წლის განმავლობაში შავი ჭირის, ჯილეხის, ბრუცელოზის საშიშ პათოგენებზე მუშაობდნენ. კიდევ ერთი ასეთი უწყება იყო ტაბახმელას ბიოლოგიური კომბინატი, რომელიც ვაქცინებს აწარმოებდა, თუმცა საიდუმლო გეგმის შესაბამისად მას 24 საათში შეეძლო გადაეწყო სამუშაო პროცესი და ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების გამოშვებაც დაეწყო.

მიმდინარე ცენტრის მშენებლობა 2004 წელს, აშშ-ის მთავარობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე დაიწყო. შეთანხმების სრული სახელწოდება „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ იყო. აშშ-ის ხელისუფლებას არ სურდა, საბჭოთა პერიოდიდან საქართველოს ტერიტორიაზე ბიოლოგიურ იარაღზე მომუშავე მეცნიერები მსოფლიოს ძნელად კონტროლირებად ქვეყნებში, ირანში ან ჩრდილოეთ კორეაში წასულიყვნენ, ასევე ცდილობდნენ საქართველოდან არ გასულიყო ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებული ტექნოლოგიები და უსაფრთხოდ დაცული ყველა ის პათოგენი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ინახებოდა საქართველოში.

ლუგარის კვლევითი ცენტრი 2011 წელს გაიხსნა, თუმცა, სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის კვლევითი ცენტრი დაავადებათა ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას.

ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე ბოლო 13 წლის განმავლობაში, ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობისა და ბიოუსაფრთხოების სფეროში განხორციელდა და ხორცილდება ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომლის საერთო ჯამური ღირებულება 2018 წლისთვის შეადგენს დაახლოებით 350 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას. ამ პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში მოეწყო თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიული ქსელი ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დიაგნოსტირებისთვის.

ლუგარის კვლევითი ცენტრი, მთელი თავისი აღჭურვილობით სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, 2018 წლიდან კი ლუგარის კვლევითი ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.

ლუგარის კვლევით ცენტრში განლაგებულია თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების მე–2 და მე–3 დონის ლაბორატორიები, რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით. კვლევით ცენტრში ასევე განლაგებულია პათოგენების ეროვნული საცავი, სადაც უსაფრთხოდ დაცულია ადამიანისა და ცხოველის დაავადებების გამომწვევი განსაკუთრებით საშიში პათოგენები.

კვლევით ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (გაეროს ქვე-ორგანიზაცია) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

მისამართი:
ქ. თბილისი, საქართველო. 0198
კახეთის გზატკეცილი, #99

ცხელი ხაზი: 116 001

ელ-ფოსტა : pr.ncdc@ncdc.ge;