მხედველობა და სწავლის უნარი
გახსოვდეთ მშობლებო რომ, მხედველობის პრობლემებმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდიოს ბავშვის სწავლის უნარზე და შემდგომში მის ზოგად განვითარებაზე, ასევე სრულყოფილმა მხედველობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ბავშვს მიაღწიოს განვითარების სრულ პოტენციალს.
ოფთალმოლოგი
მხედველობა და სწავლის უნარი მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთ-თმანეთთან. დადგენილია, რომ ბავშვები და მოზარდები სწავლის პროცესის 80% ს მხედველობითი ფუნქციის საშუალებით ახორციელებენ. ბავშვის განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს მისი კოგნიტური-შემეცნებითი და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარება.
ისეთი ფუნქციების განვითარება, როგორებიცაა: აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება, მეტყველება მჭიდრო ურთიერთკავშირშია და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მხედველობის გზით მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე. როდესაც ბავშვს სხვადასხვა ხარისხის მხედველობის დარღვევა აქვს, იგი შეზღუდვით იღებს ამა თუ იმ ინფორმაციას გარე სამყაროს შესახებ, რაც ინტელექტუალური განვითარებისთვის ერთობ მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, სრულყოფილი მხედველობა აუცილებელი და გადამწყვეტი პირობაა ბავშვისა და მოზარდისთვის ნებისმიერ ასაკში, რათა მიაღწიოს სკოლაში წარმატებებს, სრულ აკადემიურ და კოგნიტურ, ასევე ფიზიკურ-ფსიქიკურ და საერთო ჯამში მთლიან განვითარებას.
მხედველობა არის რთული ფიზიოლოგიური – კომპლექსური პროცესი, რომელიც მჭიდრო კავშირშია თავის ტვინის 65% შემადგენელ ნაწილებთან. რადგანაც მხედველობის სისტემა ადრეულ ასაკში არ არის სრულად ჩამოყალიბებული. პრობლემების დროულად აღმოჩენის და შესაბამისი კორექციის მიზნით საჭიროა ბავშვების და მოზარდების რამოდენიმე ეტაპად გასინჯვა. რომელიც მოიცავს: ახალშობილის პირველად სკრინინგს პედიატრის ან ოჯახის ექიმის მიერ. შემდგომი ვიზიტები კი უნდა მოიცავდეს მხედველობის ორგანოს სრულ კვლევას პედიატრი ოფთალმოლოგის მიერ: 6 თვიდან 1 წლამდე ასაკში, 3 წლის ასაკში, სკოლამდელ და ასევე სკოლის პერიოდში.
როდესაც ბავშვს აქვს სირთულეები სწავლასთან დაკავშირებით, უჭირს წერა-კითხვა, უძნელდება დაფაზე წარწერების დანახვა მშობლებს და მასწავლებლებს სჯერათ, რომ მას აქვს მხედველობის პრობლემა. ხშირ შემთხვევაში ეს ნამდვილად ასეა. დადგენილია, რომ ყოველ მე-4 ბავშვს აქვს დაიაგნოზდაუსმელი მხედველობის პრობლემა, რომელიც ხელს უშლის სწავლის პროცესს და იწვევს აკადემიურ და ქცევით დარღვევებს, ასევე წინ უძღვის მხედველობის პრობლემით გამოწვეულ სწავლის უნარის შეზღუდვას, თუმცა არ უნდა აგვერიოს ნევროლოგიურ დაავადებში – “სწავლის უნარის შეზღუდვა” რომელიც არის დამოუკიდებელი პათოლოგია და არ არის დაკავშირებული მხედველობის პრობლემებთან.
ბავშვთა თვალის დაავადებებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია რეფრაქციის ანომალიები ასტიგმატიზმი, ჰიპერმეტროპია და მიოპიია, ეს უკანასკნელი საკმაოდ აქტუალური გახდა ბოლო პერიოდში, რადგან ბავშვები ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტული და ეზოს თამაშებით საკმაოდ დიდ დროს ატარებენ ეკრანებთან, რის გამოც მუდმივად რისკის ქვეშ დგას მათი მხედველობის სიმახვილე.
ზემოთაღნიშნული პათოლოგიების დროს სათვალით და კონტაქტული ლინზით კორექცია უმეტეს შემთხვევაში გვეხმარება უკეთესად ხედვაში. ზოგადად, რეფრაქციის დადგენა და მისი მართვა არის პირველი ნაბიჯი, რათა დავრწმუნდეთ რომ ბავშვის მხედველობა მზადაა სკოლისისთვისა და სწავლისთვის, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს რომ, არსებობს მხედველობის ორგანოს ისეთი დაავადებებიც, რომლის დროსაც მხოლოდ სათვალით კორექცია არ არის საკმარისი, რის გამოც იზღუდება სწავლის უნარი ბავშვებში, ხოლო მოზრდილობაში მრავალი პრობლემის მიზეზი ხდება.
ასეთებია სიელმე, ამბლიოპია, კონვერგენციის სისუსტე, აღქმის პრობლემები, რომლის დროსაც არ ხდება ორივე თვალის მხედველობითი ინფორმაციის თანაბარი მიწოდება თავის ტვინში, შეზღუდულია თვალების და ტვინის გუნდურ- შერწყმული მუშაობა, რასაც ბინოკულური მხედველობა უზრუნველყოფს, რომლის მუშაობაც აუცილებელი პირობაა მხედველობის ცენტრის სრულყოფილი განვითარებისთვის.
იმისთვის რომ დადგინდეს პრობლემის გამომწვევი მიზეზი, შემდგომში მოხდეს ზუსტი და დროული კორექცია საჭიროა გუნდური მუშაობა რომელშიც ჩართული იქნება მასწავლებელი, მშობელი, ოფთალმოლოგი და ფსიქო- ნევროლოგი.
მხედველობითი ფუნქციების დარღვევით გამოწვეული სწავლის უნარის შეზღუდვის დროს, ასევე თვით მისი გამომწვევი მიზეზების კორექციის მიზნით ეფექტურია მხედველობის თერაპია რომელსაც ძალიან აქტიურად მიმართავენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. კვლევებით დამტკიცებულია მხედველობის თერაპიის ეფექტურობა სწავლის უნარის შეზღუდვის დროს, რის შემდეგ ბავშვებში საგრძნობლად უმჯობესდება სწავლის და ათვისების უნარი.
ასე რომ, მშობლებო, რომ არ გამოგრჩეთ მხედველობის პრობლემით გამოწვეული სწავლის უნარის შეზღუდვა განსაკუთრებით მიაქციეთ ყურდღება შემდეგ სიმპტომებს:
- თავისა და თვალების ტკივილი
- მხედველობის გაბუნდოვნება
- გაორება კითხვის დროს ან მის გარეშე
- თვალის გადახრა მხედველობის ღერძიდან
- კითხვის ან სწავლის თავიდან არიდების სურვილი
- უყურადღებობა მხედველობითი დაავადებების შესრულების დროს
- თავის იძულებითი პოზიცია (მდებარეობა)
- წიგნთან და რვეულთან თავის ახლოს მიტანა
- თვალების ხშირი ხამხამი და მოსრესა
- კითხვის გაძნელება და ნელა კითხვა
- წაკითხულის დამახსოვრების გაძნელება
- ასოების ან სიტყვების გამოტოვება
- გადაღლა კითხვის და წერის დროს
- ყურადღებისა და კონცენტრაციის მოკლე ინტერვალი
- ტელევიზორთან ან კომპიუტერის მონიტორთან ახლოს მისვლა
ერთი ან რამოდენიმე ამ ნიშანთაგანის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია მხედველობის ორგანოს სრულყოფილი კვლევა ექიმ სპეციალისტთან, ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ ოჯახის რომელიმე წევრს აღენიშნება მხედველობის პრობლემა.
გახსოვდეთ მშობლებო რომ, მხედველობის პრობლემებმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდიოს ბავშვის სწავლის უნარზე და შემდგომში მის ზოგად განვითარებაზე, ასევე სრულყოფილმა მხედველობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ბავშვს მიაღწიოს განვითარების სრულ პოტენციალს.
სტატიის ავტორი:
ოფთალმოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში
მანანა კიკოლაშვილი MD. Ph.D.
ვიზიტზე ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ტელ: +995 599 17 97 80
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ კატეგორიაში: ოფთალმოლოგია
საკონტაქტო ინფორმაცია
თსსუ გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკა
თბილისი, გივი ჟვანიას ქუჩა 11,15
დაჯავშნეთ ვიზიტი
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა
სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!