ლალი ფხალაძის სტატია
მთავარი და მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ქალებისათვის გარდამავალ პერიოდში ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების დაცვაა.
რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი
გარდამავალი პერიოდი ქალის ცხოვრებაში
ლალი ფხალაძე − მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი.
ქალის ცხოვრების საკვანძო პერიოდი, იგივე კლიმაქსი, გარდამავალი ეტაპია რეპროდუქციული ასაკიდან ხანშიშესულობამდე. თანამედროვე ქალის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 80 წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ცხოვრების ერთ მესამედს, სწორედ ეს ეტაპი იკავებს. ამ დროს ძალზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შენარჩუნება, რადგან ორგანიზმში ფიზიოლოგიურად მიმდინარე ჰორმონული ცვლილებები უარყოფითად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე, ემოციებზე, ფსიქიკაზე. ქვეითდება ცხოვრების ხარისხი.
გარდამავალ პერიოდში ქალის ორგანიზმში სასქესო ჰორმონების დონე ქვეითდება. ჯერ პროგესტერონის რაოდენობა იწყებს თანდათან კლებას, ხოლო შემდეგ რესტროგენების დონე ეცემა. ეს იწვევს პრაქტიკულად ყველა ორგანოთა სისტემაში არასასურველი ცვლილებების განვითარებას. პირველ ეტაპზე ვლინდება „ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დარღვევები“: ხასიათის შეცვლა, გაღიზიანება, კონფლიქტურობა, ემოციური დაძაბულობა, უმიზეზო ტირილი, შფოთვა, უგუნებობა, სიხარულისა და ინტერესის დაკარგვა ცხოვრების მიმართ, საერთო სისუსტე, უძილობა ან ძილიანობა, გულის ფრიალი, მეხსიერების პრობლემები, გულმავიწყობა. ეს სიმპტომები შესაძლებელია ქალმა ასაკობრივ ჰორმონულ დისბალანსს არც კი დაუკავშიროს, რადგან ისინი ჯერ კიდევ მენსტრუალური ციკლის დარღვევამდე ჩნდება. მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა − მენოპაუზა კლიმაქსური პერიოდის გარდამტეხი მოვლენაა. მისი საშუალო ასაკი 51±2 წელია.
კლიმაქსის ყველაზე ტიპური სიმპტომებია: ალები, ცხელების შეგრძნება, ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება, არტერიული წნევის ციფრების მატება. აღმოჩნდა, რომ ქალებს, რომლებსაც აღენიშნებათ ინტენსიური ალები, მაღალი აქვთ ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი. კლიმაქსური პერიოდის მომდევნო ეტაპზე ჩნდება შარდ-სასქესო სისტემის პათოლოგიურ ცვლილებებთან დაკავშირებული სიმპტომები: შარდის შეუკავებლობა, გახშირებული შარდვა, ღამის შარდვა, საშოს სიმშრალე, შემაწუხებელი ქავილი, ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს და ა.შ.
მენოპაუზურ პერიოდში ესტროგენების დეფიციტს უკავშირდება სახსრების ტკივილი, თვალის ლორწოვანის სიმშრალე. კანზე ჩნდება ნაოჭები, ასაკობრივი პიგმენტური ლაქები. ვითარდება გულ-სისხლძარღთა პათოლოგიები, მეტაბოლური დარღვევები, ოსტეოპოროზი.
კლიმაქსური სინდრომის მკურნალობა აუცილებელია, თუმცა ქალების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ განსხვავებულია. ნაწილს მიაჩნია, რომ კლიმაქსი ჩვეულებრივი მოვლენაა და ჩივილები თავისით გაივლის. ქალების ნაწილი რეკლამებს ადევნებს თვალს და თვითმკურნალობას ეწევა. სამწუხაროდ, მხოლოდ მცირე ნაწილი მიმართავს ექიმს. კლიმაქსური სინდრომის მკურნალობის ოქროს სტანდარტია ნატურალური ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპია. მენოპაუზური ჰორმონოთერაპიის მიმართ დამოკიდებულება ასევე არაერთგვაროვანია. ქალებს აქვთ ონკოლოგიური დაავადებებისა და წონაში მატების შიში, რაც ერთმნიშვნელოვნად ასე არ არის. მთავარია, რომ მენოპაუზური ჰორმონოთერაპია დაინიშნოს კვალიფიციური რეპროდუქტოლოგისა და გინეკოლოგის მიერ, რომელიც სწორად შეაფასებს რისკსა და სარგებელს.
კლიმაქსური სიმპტომების სამკურნალოდ საკმაოდ პოპულარულია ე.წ. ფიტოპრეპარატები. ბევრ მცენარეს აქვს ქალის ნატურალური ჰორმონების − ესტროგენების მსგავსი მოქმედება. ასეთია: სოიო, ბრინჯი, სვია, წითელი სამყურა, ციმიციფუგა. ცნობილი ფაქტია, რომ ჩინელ და იაპონელ ქალებს, რომელთა კვების რაციონი მდიდარია სოიოსა და ბრინჯის პროდუქტებით, კლიმაქსური სიმპტომები ნაკლებად აქვთ გამოხატული. ფიტოპრეპარატები ქალის ორგანიზმში უკავშირდებიან ესტროგენების რეცეპტორებს და იწვევენ ალების, ოფლიანობის, თავის ტკივილისა და კლიმაქსის სხვა სიმპტომების შემცირებას. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია „კლიმაქტოპლანი“ − გერმანული წარმოების მედიკამენტი, რომლის ეფექტიანობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია მრავალი კვლევით.
მთავარი და მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ქალებისათვის გარდამავალ პერიოდში ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების დაცვაა. ცნობილია, რომ სიგარეტი, ალკოჰოლი, არაჯანსაღი კვება, ჭარბი წონა, სიმსუქნე ან მასის დეფიციტი უარყოფითად აისახება კლიმაქსური სინდრომის გამოვლინებებზე. დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ თავისებურებებს. რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, ცეკვა, ცურვა, სეირნობა, ძილის რეჟიმის მოწესრიგება, ახლობელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და დადებითი ემოციები, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კლიმაქსური პერიოდის მიმდინარეობას და ცხოვრების ხარისხს. კლიმაქსის სიმპტომების დაწყება სიბერესთან ასოცირდება, თუმცა ქალი საზოგადოებისათვის ყველაზე სასურველი სწორედ 50 წლის შემდეგ არის და თუ ის ინფორმირებულია მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, გარდამავალ პერიოდს ფსიქოლოგიურად მომზადებული ხვდება.
კლიმაქსური სინდრომის მართვა და ამ მიმართულებით ქალთა განათლება ჩვენი ინსტიტუტისა და საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის (დამაარსებელი და პრეზიდენტი − პროფესორი არჩილ ხომასურიძე) ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო და რჩება.
საკონტაქტო ინფორმაცია
რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი-ხელმ. პროფესორი არჩილ ხომასურიძე
თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13
დაჯავშნეთ ვიზიტი
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა
სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!