პოლინარკოტიკების მოხმარების პრობლემა ახალგაზრდებში
საქართველოში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობის საკითხი პოლინარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენებთან დაკავშირებით.
ნარკოლოგი
საქართველოში კლუბური სცენისა და ეგრეთწოდებული რეივ-კულტურის განვითარებასთან ერთად, კლუბური ნარკოტიკების მოხმარება ახალგაზრდებს შორის აქტუალურ პრობლემად იქცა. კერძოდ, ორი ან ორზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერების ერთობლივად მიღება, რომელიც ცნობილია როგორც პოლინარკოტიკების გამოყენება, მნიშვნელოვან რისკს უქმნის ამ დემოგრაფიის ფიზიკურ და ფსიქიკურ კეთილდღეობას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პრიორიტეტულ საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, რათა აღმოიფხვრას პოლინარკოტიკების მოხმარების მავნე ზემოქმედება და ნარკოტიკების სახიფათო კომბინაცია, მათ შორის ალკოჰოლთანაც. ეს მოკლე სტატია მიზნად ისახავს ნათელი მოჰფინოს ამ საკითხს, და ეყრდნობა დღემდე ჩატარებული კვლევების შედეგებს, რათა ხაზი გაუსვას საქართველოში კლუბში მოსიარულე ახალგაზრდების განათლების მნიშვნელობას პოლინარკოტიკების მიღებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ.
ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში კლუბური ნარკოტიკების, მათ შორის, ექსტაზის (MDMA), კოკაინის, ამფეტამინისა და ჰალუცინოგენების მოხმარების ფაქტები საკმაოდ აქტუალურად ფიქსირდება, განსაკუთრებით კლუბური სცენის მოყვარულ ახალგაზრდებში ,რომელთაც აქტიურად იზიდავს ენერგიული კლუბური ატმოსფერო და რეკრეაციული გამოცდილების მიღების სურვილი. თუმცა, სამწუხაროდ, ინფორმირებულობისა და სათანადო განათლების ნაკლებობამ პოლინარკოტიკების მოხმარების შედეგად გამოწვეულ სავალალო შედეგებთან დაკავშირებით, გამოიწვია კლუბში მოსიარულე ახალგაზრდათა შორის პოლინარკოტიკების მოხმარების საგანგაშო ზრდა. როგორც ზემოთ აღინიშნა, პოლინარკოტიკების გამოყენება გულისხმობს ორი ან ორზე მეტი სხვადასხვა სახის ნივთიერების ერთდროულ ან თანმიმდევრულ გამოყენებას, რაც ხშირად აძლიერებს მათ ინდივიდუალურ ეფექტს და წარმოქმნის არაპროგნოზირებად რეაქციებს ორგანიზმში. ალკოჰოლთან კლუბური ნარკოტიკების შერწყმისას, ინტოქსიკაციის, საღად განსჯის დაქვეითებასა და ავარიების ან სხვა სარისკო ქმედებების რისკები კიდევ უფრო იზრდება. პოლინარკოტიკების გამოყენება იწვევს ორგანიზმის მძიმე დატვირთვას, რაც გავლენას ახდენს როგორც ადამიანის მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ჯანმრთელობაზე. სხვადასხვა ნივთიერებების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, რესპირატორული დისტრესი, ღვიძლისა და თირკმელების დაზიანება და დოზის გადაჭარბების რისკი. გარდა ამისა, წამლებს შორის ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები და რეაქციები, რაც ეფექტური მკურნალობის უზრუნველყოფასაც უშლის ხელს. პოლინარკოტიკების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტვინში ქიმიურ ნივთირებათა ფუნქციონირების ცვლილება და ნეიროტრანსმიტერების დელიკატური ბალანსის დარღვევა, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გააუარესოს ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა და გაზარდოს ნარკოდამოკიდებულების რისკი. პოლინარკოტიკების მოხმარებას ზეგავლენა აქვს არამარტო ინდივიდუალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე არამედ ახლობლებისა და საყვარელი ადამიანების ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობაზეც. არაერთმა ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა პოლინარკოტიკების მოხმარების შედეგად წარმოქმნილი გამანადგურებელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური შედეგები, რომლებიც დაკავშირებულია ნარკოდამოკიდებულებასთან (Leri et al., 2003), ზედოზირებასთან (Coffin et al., 2003), დაქვეითებულ კოგნიტიურ ფუნქციონირებასთან (Stevens et al., 2007), დეპრესიასთან, შფოთვით აშლილობასა და ფსიქოპათოლოგიებთან (Mallow et al., 1992; Medina & Shear, 2007; Parrott et al., 2001; Parrott et al., 2000), და სიკვდილთანაც კი (Phillips et al., 2008). მსგავსი კვლევების არსებობა ჩვენთვის უნდა წარმოადგენდეს საკმარის და დამაჯერებელ მტკიცებულებას, რათა პოლინარკოტიკების მიღებასთან დაკავშირებით ახალგაზრდებში განათლებისა და ცნობიერების ამაღლების საკითხი პრიორიტეტულად ჩაითვალოს დღევანდელ საქართველოში.
ეფექტური განათლებისა და პრევენციის პროგრამები გადამწყვეტ როლს თამაშობს პოლინარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში. სხვადასხვა ნივთიერებებთან და მათ კომბინაციებთან დაკავშირებული რისკების შესახებ ზუსტი ინფორმაციის გავრცელებით, ჩვენ შეგვიძლია მივცეთ საშუალება ახალგაზრდებს საქართველოში მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები. განათლება უნდა მოიცავდეს არამხოლოდ პოლინარკოტიკების მიღების შედეგად გამოწვეული ფიზიკური და ფსიქიკური ზიანის საკითხებს, არამედ ხაზს უსვამდეს ზიანის შემცირების სტრატეგიებს, პასუხისმგებლიან ქმედებებს, უვნებელ გართობასა და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისა და მხარდაჭერის ძიების მნიშვნელობას. ამავდროულად აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით სკოლის პერიოდიდანვე უნდა დავიწყოთ, რათა ადრეულ ასაკშივე ხელი შევუწყოთ მათ მიერ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.
რეკომენდირებულია ხელი შეეწყოს პროფესიონალებისა და სპეციალისტების მიწვევას საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა ახალგაზრდობას კომპეტენტური პირებისგან მიეწოდოთ ინფორმაცია პოლინარკოტიკებისა და ალკოჰოლის შერევის შეგედაგ გამოწვეულ დამღუპველ შედეგებზე. ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს არამარტო სპეციალისტები არამედ პედაგოგებიც და ოჯახის წევრებიც. ცნობიერების ამაღლებითა და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებით ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიზრუნოთ მომავალი თაობის კეთილდღეობასა და საბოლოო ჯამში უფრო უსაფრთხო და ჯანსაღი კლუბური სცენის განვითარებაზე საქართველოში.
ავტორი: ექიმი-ნარკოლოგი მანანა კეჟევაძე
References
Coffin, P. O., Galea, S., Ahern, J., Leon, A. C., Vlahov, D., & Tardiff, K. (2003). Opiates, cocaine and alcohol combinations in accidental drug overdose deaths in New York City, 1990-98. Addiction (Abingdon, England), 98(6), 739–747. https://doi.org/10.1046/j.1360-0443.2003.00376.x
Leri, F., Bruneau, J., & Stewart, J. (2003). Understanding polydrug use: review of heroin and cocaine co-use. Addiction (Abingdon, England), 98(1), 7–22. https://doi.org/10.1046/j.1360-0443.2003.00236.x
Malow, R. M., West, J. A., Corrigan, S. A., Pena, J. M., & Lott, W. C. (1992). Cocaine and speedball users: differences in psychopathology. Journal of substance abuse treatment, 9(4), 287–291. https://doi.org/10.1016/0740-5472(92)90021-f
Medina, K. L., & Shear, P. K. (2007). Anxiety, depression, and behavioral symptoms of executive dysfunction in ecstasy users: contributions of polydrug use. Drug and alcohol dependence, 87(2-3), 303–311. https://doi.org/10.1016/j.drugalcdep.2006.09.003
Parrott, A. C., Milani, R. M., Parmar, R., & Turner, J. D. (2001). Recreational ecstasy/MDMA and other drug users from the UK and Italy: psychiatric symptoms and psychobiological problems. Psychopharmacology, 159(1), 77–82. https://doi.org/10.1007/s002130100897
Parrott, A. C., Sisk, E., & Turner, J. J. (2000). Psychobiological problems in heavy ‘ecstasy’ (MDMA) polydrug users. Drug and alcohol dependence, 60(1), 105–110. https://doi.org/10.1016/s0376-8716(99)00146-5
Phillips, D. P., Barker, G. E., & Eguchi, M. M. (2008). A steep increase in domestic fatal medication errors with use of alcohol and/or street drugs. Archives of internal medicine, 168(14), 1561–1566. https://doi.org/10.1001/archinte.168.14.1561
Stevens, A., Peschk, I., & Schwarz, J. (2007). Implicit learning, executive function and hedonic activity in chronic polydrug abusers, currently abstinent polydrug abusers and controls. Addiction (Abingdon, England), 102(6), 937–946. https://doi.org/10.1111/j.1360-0443.2007.01823.x
დაჯავშნეთ ვიზიტი
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა
სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!