ახალგაზრდებში მავნე ნივთიერებათა მოხმარების ზრდა
ახალგაზრდებში მავნე ნივთიერებათა მოხმარების ზრდა: გლობალური ტენდენციები და პრევენციის სტრატეგიები.
ნარკოლოგი
მუდმივად განვითარებად სამყაროში, ჩვენი ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევები გასაოცარი ტემპით აგრძელებენ ტრანსფორმაციას. ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი საკითხი, რომელიც ჩვენს ყურადღებას გადაუდებლად მოითხოვს, არის მოზარდებს შორის ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის აქტიურად მოხმარების ფაქტების საგანგაშო ზრდა. ეს გლობალური ფენომენი სცილდება საზღვრებს და კულტურებს და არ ტოვებს არცერთ ქვეყანას ხელუხლებელს, მათ შორის საქართველოსაც. ფაქტია, რომ ახალგაზრდებში ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის აქტიურად მოხმარების გლობალური სურათი საგანგაშოა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით (WHO, 2023), მსოფლიოში ალკოჰოლის მომხმარებელთა დაახლოებით 11%-ს შეადგენს 15-19 წლის მოზარდები. ხოლო, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო იუწყება (UNODC, 2023), რომ მსოფლიოში დაახლოებით 39,5 მილიონი ადამიანი ებრძვის ნარკოდამოკიდებულაბას, ამ ადამიანების მნიშვნელოვანი პროცენტული ნაწილი კი ახალგაზრდული დემოგრაფიის ფარგლებშია.
ამ მეტად რთულ პრობლემაზე საუბრისას ჩვენ მოგვიწევს ყურადღება გავამახვილოთ იმ მრავალ სოციალურ, ფსიქოლოგიურ და გარემო ფაქტორებზე, რომლებსაც გავლენა აქვთ ახალგაზრდა თაობების მიერ მიღებულ არასწორ და საზიანო გადაწყვეტილებებზე. ამ მიმოხილვითი სახის სტატიაში, თქვენ გაეცნობით ზუსტად იმ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობენ მავნე ნივთიერებების მოხმარების გავრცელებასა და ზრდას ახალგაზრდებში. ეს სტატია მიზნად ისახავს ნათელი მოჰფინოს ამ აქტუალური საკითხის ძირითად გამომწვევ მიზეზებს და მოახდინოს პრევენციისა და ინტერვენციის სტრატეგიების იდენტიფიცირება.
მაშასადამე, განვიხილოთ რომელი ფაქტორები განაპირობებს ახალგაზრდებში მავნე ნივთიერებების მოხმარების ზრდას და როგორ შეგვიძლია ამ პრობლემის ეფექტურად მოგვარება. ახალგაზრდებში ნარკოტიკისა და ალკოჰოლის აქტიურ მოხმარებას რამოდენიმე ძირითადი ფაქტორი შესაძლოა უწყობდეს ხელს:
- სოციალური გავლენა და თანატოლებისგან განცდილი ზეწოლა: მოზარდები ხშირად ხვდებიან ისეთ სოციალურ წრეებში, სადაც ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან დაკავშირებული ექსპერიმენტები აღიქმება როგორც ნორმალურ და მოსალოდნელ მოვლენად. მორგების და სოციალური აღიარების სურვილმა შესაძლოა ხელი შეუწყოს მავნე ნივთიერებების გამოყენებას. ახალგაზრდებზე მათი მეგობრებისა და თანატოლების არჩევანსა და ქცევებს საკმაოდ დიდი გავლენა აქვს, შესაბამისად, ხშირად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ექსპერიმენტებით დაწყებული მავნე ნივთიერებების მოხმარება დამოკიდებულებაში გადაიზრდება ხოლმე.
- მავნე ნივთიერებების ხელმისაწვდომობა: ახალგაზრდებისთვის ნარკოტიკები და ალკოჰოლი უფრო ხელმისაწვდომი გახდა სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობის გამო. სუსტმა რეგულაციებმა, განსაკუთრებით რეცეპტით გასაცემი მედიკამენტებისა და ალკოჰოლის შემთხვევაში, გამოიწვია სხვადასხვა ნივთიერებების ხელმისაწვდომობის ზრდა. ონლაინ ბაზრის არსებობაც თავისთავად უადვილებს მოზარდებს უკანონო ნარკოტიკების შეძენას.
- ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და თვითმკურნალობა: იმ მოზარდებისთვის, რომლებიც ებრძვიან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, როგორიცაა შფოთვა და დეპრესია, სხვადასხვა მავნე ნივთიერებების მოხმარება შეიძლება გახდეს თვითმკურნალობის საშუალება, რაც დროებით ეხმარება მათ ემოციური ტკივილის დაძლევაში. ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების მოგვარება გადამწყვეტი ხდება ახალგაზრდებში ნარკოტიკსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების ტენდენციის შესაჩერებლად.
- მედიის უარყოფითი გავლენა: მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების აღქმისა და ქცევის ჩამოყალიბებაში. ფილმებში, მუსიკასა და სხვა სახის მედიაში მავნე ნივთიერებების მოხმარების შელამაზებული ასახვა შესაძლოა მიმზიდველიც კი აღმოჩნდეს მოზარდების ჯერ კიდევ გავლენას ადვილად დაქვემდებარებული გონებისთვის. აუცილებელია მედიის უარყოფითი გავლენის გაცნობიერება და მედიაწიგნიერების ამაღლების ხელშეწყობა ახალგაზრდებში, რათა მათ შეძლონ კრიტიკულად შეაფასონ სხვადასხვა სახის მედია გზავნილები.
- სტრესი და ტრავმა: სტრესის მაღალმა დონემ, ტრავმული მოვლენების ზემოქმედებამ და სხვადასხვა უარყოფითმა გამოცდილებამ, შესაძლოა ახალგაზრდებში გამოიწვიოს მიდრეკილება ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ალკოჰოლის მიმართ. ბევრი მათგანი აღიქვამს მავნე ნივთიერებების მოხმარებას, როგორც ტრავმისა და სტრესის დაძლევის მექანიზმს. სტრესული ფაქტორების აღმოფხვრამ და ჯანსაღი დაძლევის მექანიზმების უზრუნველყოფამ თერაპიისა და სხვა დამხმარე სერვისების მეშვეობით, შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულების განვითარების რისკი.
იმისათვის, რომ დავძლიოთ მავნე ნივთიერებების აქტიურად მოხმარების მზარდი პრობლემა ახალგაზრდებში, შეგვიძლია მივმართოთ შემდეგ სტრატეგიებს:
- ყოვლისმომცველი განათლების ხელშეწყობა: ახალგაზრდებში ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარების წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად, აუცილებელია, რომ სკოლებმა და ადგილობრივმა თემებმა განახორციელონ საგანმანათლებლო პროგრამები ნარკოტიკისა და ალკოჰოლის უარყოფით ზეგავლენებთან დაკავშირებით. ეს პროგრამები არ უნდა იყოს ფოკუსირებული მხოლოდ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარების საფრთხეებზე, არამედ მიმართული უნდა იყოს ახალგაზრდებში იმ უნარებისა და სტრატეგიების გამომუშავების ხელშეწყობაზე, რომლებიც დაეხმარებათ მათ წინააღმდეგობა გაუწიონ თანატოლების ზეწოლას და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მავნე ნივთიერების მოხმარებასთან დაკავშირებით.
- ადრეული ჩარევა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა: მოზარდის ცხოვრების ადრეულ ეტაპზევე, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების იდენტიფიცირება და მისი მოგვარება მნიშვნელოვნად ამცირებს ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის შემდგომში აქტიურად მოხმარების ალბათობას. სკოლებმა და ჯანდაცვის სისტემებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერის სერვისებს, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ წვდომა კონსულტაციაზე და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობასა და თერაპიაზე.
- მშობლების აქტიური ჩართულობა და ღია კომუნიკაცია: მშობლები გადამწყვეტ როლს ასრულებენ პრევენციაში. აუცილებელია მშობლებსა და შვილებს შორის ღია კომუნიკაციის დამყარება. მშობლებმა უნდა აიმაღლონ ცნობიერება მავნე ნივთიერებების მოხმარების ნიშნების ამოცნობაზე, ისეთების როგორიც არის ქცევითი, ფიზიკური და ემოციური ცვლილებები მათ შვილებში, და საჭიროების შემთხვევაში მოიძიონ დახმარება. სახლში ნდობისა და მხარდამჭერი გარემოს შექმნამ შესაძლოა შეაჩეროს ახალგაზრდების სარისკო ქმედებები.
- რეგულაციები და ნარკოპოლიტიკა: ნარკოტიკულ ნივთიერებებთან ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს ძლიერი რეგულაციები, რომელიც არასრულწლოვანთათვის ნარკოტიკული ნივთიერებების ხელმისაწვდომობას ამცირებს. ინოვაციური მიდგომებისა და ახალი სტრატეგიების შემუშავებამ, ისევე როგორც არალეგალური ბაზრის გამკაცრებულმა კონტროლმა შესაძლოა ხელი შეუწყოს მავნე ნივთიერებათა აქტიური მოხმარების შემცირებას ახალგაზრდებში.
- საზოგადოების მხარდაჭერა და პოზიტიური ალტერნატივები: თვით საზოგადოებამ და ადგილობრივმა თემებმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო და მავნე ნივთიერებებისგამ თავისუფალი გარემოს შესაქმნელად. ამის მიღწევა შესაძლებელია პოზიტიური რეკრეაციული აქტივობებისა და სკოლის შემდგომი სხვადასხვა სახის ინტელექტუალური და სპორტული პროგრამების დანერგვით. სპორტში, ხელოვნებაში და სხვა კონსტრუქციულ აქტივობებში ჩართულობის წახალისებით, ჩვენ ახალგაზრდებს ვთავაზობთ მავნე ნივთიერებების მოხმარების და სხვა უარყოფითი ზეგავლენის მქონე ექსპერიმენტებისა და აქტივობების ალტერნატივებს, და ვეხმარებით მათ ჯანსაღი თვითშეფასებისა და სოციალური უნარების ჩამოყალიბებაში.
ფაქტია, რომ ახალგაზრდებში ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის აქტიური მოხმარების ზრდა არის გლობალური პრობლემა, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ ყურადღებას. იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც ხელს უწყობენ ახალგაზრდებში მავნე ნივთიერებების აქტიურ მოხმარებას და ყოვლისმომცველი პრევენციის სტრატეგიების განხორციელებით, ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ მავნე ნივთიერებების მოხმარების ფაქტების შემცირებაში და ახალგაზრდებისთვის უფრო ნათელი მომავლის შექმნაში.
ავტორი: ექიმი-ნარკოლოგი მანანა კეჟევაძე
References:
World Health Organization. (2023). Adolescent and young adult health. Available at: https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/adolescents-health-risks-and-solutions
United Nations Office on Drugs and Crime (2023). World Drug Report 2023. Executive Summary. Available at: https://www.unodc.org/unodc/en/data-and-analysis/world-drug-report-2023.html
დაჯავშნეთ ვიზიტი
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა
სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!