გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდიის კლინიკური ფორმები

გულის იშემიური დაავადება წარმოადგენს მიოკარდიუმის დაზიანებას, რომელიც გამოწვეულია გულის მკვებავი არტერიების მიერ სისხლის მიწოდების დარღვევით და ვითარდება მთელი რიგი ორგანული და ფუნქციური ცვლილებების შედეგად. ორგანული მიზეზებს ძირითადად განეკუთვნება კორონარული (გულის მკვებავი) არტერიების ათეროსკლეროზული დაავადება, ხოლო ფუნქციურ ცვლილებებს – კორონარული სისხლძარღვების სპაზმი და შიდასისხლძარღვოვანი თრომბოზი.

გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკ ფაქტორებს მიეკუთვნება: ლიპიდური ცვლის დარღვევა; არტერიული ჰიპერტენზია; შაქრიანი დიაბეტი; თამბაქოს წევა; დაბალი ფიზიკური აქტივობა; სტრესი; სიმსუქნე; ოჯახური ანამნეზი (მემკვიდრეობა დატვირთული გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებით).

გულის იშემიური დაავადება ვითარდება ჟანგბადის მიწოდებასა და მოხმარებას შორის ბალანსის დარღვევით და მთავარ მექანიზმს წარმოადგენს ათეროსკლეროზული დაავადებით გამოწვეული კორონარული სისხლძარღვების შევიწროების შედეგად გულისკენ სისხლის მიწოდების შემცირება.
განასხვავებენ გიდ-ის რამდენიმე ფორმას. ესენია:

  • გიდის უსიმპტომო ანუ ჩუმი ფორმა. ამ დროს გულის შიმშილი კლინიკური სიმპტომებით არ გამოვლინდება.
  • სტენოკარდია. ამ დროს გულის კვების უკმარისობა ვლინდება გულმკერდის არის ძლიერი ტკივილით, რასაც პროვოცირებას უწევს ფიზიკური დატვირთვა, სტრესი, სიცივე ან უზომო დანაყრება.
  • გიდის ასთმური ფორმა. ამ დროს გულის სისხლით არასათანადო მომარაგება ვლინდება გულის რიტმის მოშლით, უმეტესად – მოციმციმე არითმიით
  • მიოკარდიუმის ინფარქტი. ეს არის გულის კუნთის ნაწილის სიკვდილი, რომელსაც მისი შიმშილი იწვევს
  • უეცარი გულისმიერი სიკვდილი– გულის გაჩერება, რომელიც უმეტესად სისხლის მიწოდების მკვეთრი შემცირებით არის გამოწვეული. ამ დროს ადამიანის გადარჩენა მხოლოდ სასწრაფო სარეანიმაციო ღონისძიებებს შეუძლია.

კლინიკური გამოხატულების მიხედვით განასხვავებენ სტენოკარდიის ორ ფორმას:

– დაძაბვის სტენოკარდიას – ის მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის (აღმართზე ან კიბეზე ასვლა), ემოციური სტრესის, ჭარბი საკვების მიღების დროს აღმოცენდება. ამ ტიპისაა არტერიული ჰიპერტენზიისა და პაროქსიზმული ტაქიკარდიის დროს განვითარებული სტენოკარდიული შეტევებიც. დაძაბვის დროს იზრდება ჟანგბადზე მიოკარდიუმის მოთხოვნა, რომელიც აღემატება ათეროსკლეროზით დაზიანებული გვირგვინოვანი არტერიის გაფართოების უნარს. სწორედ ამის შედეგად ვითარდება შეტევა.

– მოსვენების სტენოკარდიას, რომელმაც მოსვენების დროსაც შეიძლება იჩინოს თავი, რადგან ჩამოყალიბებულია გვირგვინოვანი არტერიების მნიშვნელოვანი სტენოზი (შევიწროება) და, შესაბამისად, გვირგვინოვანი სისხლის მიმოქცევის გამოხატული უკმარისობა.
მიმდინარეობის სტაბილურობის მიხედვით სტენოკარდიული შეტევა ან სტაბილურია, ან არასტაბილური.

– სტაბილური სტენოკარდიისთვის დამახასიათებელი შეტევები ფიზიკური დატვირთვისას აღმოცენდება. ამ შეტევების სიხშირე კარგა ხანს არ იცვლება და ნელი პროგრესირებით გამოირჩევა.

– არასტაბილური სტენოკარდიის დროსაც შეტევები ხშირი და საკმაოდ ხანგრძლივია. არასტაბილური სტენოკარდია სტაბილურზე საშიშია. სწორედ ის გახლავთ ინფარქტის წინა საფეხური.

არსებობს სტენოკარდიის განსაკუთრებული ტიპი, რომელიც 1959 წელს აღწერა მ. პრინცმეტალმა, რის გამოც იგი პრინცმეტალის სტენოკარდიად მოიხსენიება. ამ ფორმის დროს შეტევები განსაკუთრებული ინტენსივობისაა და ვითარდება მოსვენებისას, გვიან ღამით ან გამთენიის ხანს. ნიტროგლიცერინი შეტევას ყოველთვის არ ხსნის. ამ შემთხვევაში ტკივილის მოსახსნელად ნარკოტიკულ საშუალებებს იყენებენ. პრინცმეტალის სტენოკარდიას ახასიათებს სისუსტე, თავბრუხვევა, ზოგჯერ ქოშინი. მოსალოდნელია სახის სისხლძარღვების სპაზმი და სიფითრე, გაძლიერებული ოფლიანობა, შარდვისა და დეფეკაციის სურვილი, გულისრევა, ნერწყვის დენა, შეტევის ბოლოს – ხშირი შარდვა წყალწყალა შარდით. მაღალია მიოკარდიუმის ინფარქტისა და უეცარი სიკვდილის რისკი.

ექიმთან კონსულტაციაზე ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: +995 593 615 469

ONLINE კონსულტაციაზე ჩასაწერად მოგვმართეთ: ONLINE კონსულტაცია

ძიება

+