როდესაც შვილის ყოლის ერთადერთი გზა სუროგაციაა…
ვისურვებდი, რომ ყველამ ასე თუ ისე გააცნობიეროს თავისი ოცნება დედობასთან დაკავშირებით. ნუ ვიქნებით მოსამართლეები!
რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი
უნაყოფობა მთელი მსოფლიოსთვის და მით უფრო ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორიც საქართველოა მძიმე სოციალური პრობლემაა, თანამედროვე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების საშუალებით კი დღეისათვის ეს პრობლემა აღარ ითვლება გადაულახავ ბარიერად უშვილო წყვილებისთვის. ინ ვიტრო განაყოფიერების, როგორც სამედიცინო პროცედურის პროგრესი დღითი-დღე შესამჩნევი ხდება და ქვეყნის დემოგრაფიისთვის, ასევე ადამიანებისთვის, ვისაც შვილის ყოლა ოცნებად ექცა, ესაა უმნიშვნელოვანესი მიღწევა და საიმედო გზა მიზნამდე.
სამწუხაროდ, რეპროდუქციულ მედიცინაში ხშირად ხდება, რომ ბიოლოგიური შვილის ყოლის ერთადერთი გზა სუროგაციაა, სუროგატი დედები უნაყოფო წყვილებს შვილის გაჩენაში ეხმარებიან. მათ ბავშვის გენეტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვთ. სუროგატი დედის დახმარება საჭირო ხდება მაშინ, როდესაც ქალს არ აქვს საშვილოსნო (თანდაყოლილი მანკის, ოპერაციული ჩარევის შემდეგ); მისი მდგომარეობა შეუთავსებელია ორსულობასთან; ჭირს ორსულობის ბოლომდე მიყვანა (მიომური, ადენო მიოზური კვანძები, ჩვეული აბორტის მქონე პაციენტების საშვილოსნო); პრობლემურია ქალის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა; ქალს არ აქვს დაორსულების საშუალება (მძიმე შაქრიანი დიაბეტი, ეპილეფსია, აუტოიმუნური დაავადება, თირკმლის უკმარისობა და ა.შ.).
ასეთ დროს მედიკამენტური სტიმულაცია უტარდება ბიოლოგიურ დედას, მისი კვერცხუჯრედი განაყოფიერდება მეუღლის სპერმატოზოიდით და მიღებული ემბრიონები წინასწარ მომზადებული სუროგატი დედის საშვილოსნოში გადააქვთ. ორსულობა ბუნებრივად გრძელდება. დაბადებული ბავშვი გენეტიკურად საკუთარი მშობლების შვილია. სუროგაციის საკითხი განსაკუთრებით რთული და სათუთი თემაა ბიო სამედიცინო ეთიკის დარგში. სუროგაცია, როგორც ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთი ფორმა, საქართველოს კანონმდებლობით (1997 წელს მიღებული კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ) ნებადართულია.
სუროგაციის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა მთელ მსოფლიოში მძვინვარებს. უნდა იყოს თუ არა ნებადართული? თუ უნდა იყოს, რა პირობებით?
ვინც წინააღმდეგია, ამას შემდეგი არგუმენტებით ასაბუთებს:
- სუროგატი დედის მიერ მუცლით ნატარებ და გაჩენილ ბავშვზე უარის თქმის აუცილებლობა, ქალის ფსიქიკას აზიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს გენეტიკურად უცხო ბავშვია.
- სხვისი შვილის ფულის სანაცვლოდ ტარება ტრეფიკინგის ტოლფასია.
- ფემინისტების აზრით, ეს არის ქალების ექსპლუატაცია.
- სუროგატი დედობა არაბუნებრივია, რადგან ბუნებაში ასეთი რამ არ არსებობს.
- სუროგატი დედობა ეწინააღმდეგება ღვთიურ კანონს.
სუროგაციის მომხრეებსაც აქვთ არგუმენტები:
- პირველი და მთავარი არგუმენტი არის ის, რომ მრავალი უშვილო წყვილისთვის ეს ერთადერთი გზაა ბავშვის ყოლის.
- ქალები მონაწილეობენ პროგრამაში ნებაყოფლობით, ძალადობის გარეშე.
- ბევრი სუროგატი დედა ამას დახმარების სურვილის გამო აკეთებს და არა ფულის გამო.
ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპის საზოგადოების (ESHRE) მიერ შემუშავებული იქნა სუროგაციის ეთიკური სახელმძღვანელო, განხეთქილების შესამცირებლად. მათი აზრით:
– პოტენციური რისკები და მორალური მოსაზრებები არ არის მიზეზი სუროგაციის აკრძალვის.
– ქალების ექსპლუატაციის თავიდან ასაცილებლად დასაშვებია მხოლოდ ალტრუისტული სუროგატი. ანაზღაურდება მხოლოდ თვით ორსულობასთან დაკავშირებული ხარჯები, აგრეთვე კომპენსაცია დაკარგული შემოსავლისთვის ”განსაკუთრებული სიტუაციის” გამო.
– ხელშეკრულების ხელმოწერით, ორივე მხარე აიღებს ვალდებულებებს – სუროგატი დედა პასუხისმგებელია ბავშვის ტარებაზე, ხოლო მშობლებმა უნდა მიიღონ მის მიერ დაბადებული ბავშვი.
– არ არის რეკომენდებული სუროგატი დედის, კვერცხუჯრედის დონორად გამოყენება.
– სუროგატი დედა ორსულობაზე ნებაყოფლობით და გააზრებულად თანხმდება.
– ბავშვს აქვს უფლება იცოდეს, რომ ის სუროგატმა დედამ გააჩინა.
– სუროგაცია სადავო საკითხია. მაგრამ ჯერჯერობით ის რჩება ერთადერთ გზად უნაყოფო წყვილებისთვის, რომელთან სურთ დედობის და მამობის ბედნიერების გაზიარება. ჩვენს ქვეყანაში სუროგატი დედობა ნებადართულია. კლინიკაში, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ამ მეთოდსაც მივმართავთ.
ამასობაში კი მეცნიერება არ დგას ერთ ადგილზე, ჩნდება კვლევები ხელოვნური საშვილოსნოს შექმნის შესახებ.
საინტერესოა, როგორი იქნება რეპროდუქციული მედიცინა 50 წლის შემდეგ.
მანამდე კი…
ვისურვებდი, რომ ყველამ ასე თუ ისე გააცნობიეროს თავისი ოცნება დედობასთან დაკავშირებით. ნუ ვიქნებით მოსამართლეები!
თამარა ნადირაშვილი, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი
საკონტაქტო ინფორმაცია
GGRC ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი
ბარნოვის 51გ, თბილისი, საქართველო
დაჯავშნეთ ვიზიტი
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა
სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!