irakli-porchkhidze-interview

მთელი სხეულის მრტ კვლევა

მთელი სხეულის მრტ (WB-MRI) კვლევით შეფასებული ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტების სისტემური მიმოხილვა.

irakli-porchkhidze

ირაკლი ფორჩხიძე MD.

რადიოლოგი, კტ/მრტ სპეციალისტი, ბირთვული მედიცინის სპეციალისტი

გლობალური მონაცემების გათვალისწინებით, სარძევე ჯირკვლის კიბო ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებადი ავთვისებიანი სიმსივნე არის ქალებში. მისი შემთხვევების რაოდენობა ორ მილიონზე მეტია დაბალი და საშუალო განვითარების ქვეყნებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ძუძუს კიბო ქალებში ყველაზე გავრცელებულია და სიმსივნის სხვადასხვა ფორმით დიაგნოსტირებულ ქალებში სიკვდილიანობის მეორე ყველაზე გავრცელებულ მიზეზია.

2022 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა ქალებში ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევების რაოდენობით. სარძევე ჯირკვლის კიბოს ახასიათებს რეციდივები მკურნალობიდან თვეების ან წლების შემდეგ. ქალების თითქმის 30%-ს, რომელთაც ადრეულ სტადიაზე დაუდასტურდათ ძუძუს კიბოს დიაგნოზი, უვითარდებათ მეტასტაზური დაავადება. დაავადება ყველაზე ხშირად ვრცელდება ფილტვებში, ღვიძლში, ძვლებსა და თავის ტვინში.

ვინაიდან ძუძუს კიბოს მეტასტაზირების მაღალი რისკი აქვს, დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რაც სწორი და დროული მკურნალობის საფუძველია. ონკოლოგიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეტასტაზების დროული აღმოჩენა და სტადიის განსაზღვრა.

რომელი კვლევებით დგინდება ძუძუს კიბო?

საწყისი (რუტინული) კვლევები, რომლებიც გამოიყენება ძუძუს კიბოს მეტასტაზების გამოსავლენად, არის:

  • მუცლისა და მენჯის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
  • ჩონჩხის სცინტიგრაფია.

თუმცა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (PET-CT) წარმოადგენს ბევრად უფრო ინფორმაციულ კვლევებს. მთელი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, PET-CT კვლევისგან განსხვავებით, მეტად ხელმისაწვდომია, რადიაციულად უსაფრთხოა და ფინანსურად ხელმისაწვდომი.

მთელი სხეულის მრტ (MRI) კვლევის პროტოკოლი იყენებს სპეციფიკურ რეჟიმებს – WB-DWI და WB-DWI ფონური სხეულის სიგნალის დათრგუნვით (DWIBS) რეჟიმებს, რომლებიც ხასიათდება მაღალი ინფორმატიულობითა და მგრძნობელობით მეტასტაზური დაზიანებების რაოდენობისა და ზომების შეფასების დროს. მთელი სხეულის მრტ კვლევით, განსხავავებით პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიისგან, შესაძლებელია თავის ტვინის პარენქიმისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების დეტალური შეფასება.

დღესდღეობით საერთაშორისო გაიდლაინები რეკომენდაციას უწევენ მთელი სხეულის მრტ კვლევის (WB-MRI) ჩატარებას სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს მეორადი დაზიანებების გავრცელების შესაფასებლად.

ჩვენს ქვეყანაში ბოლო რამდენიმე წელია ზემოაღნიშნული გამოკვლევა გამოიყენება სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადების დეტალური და დროული შეფასებისთვის.

„ავერსის კლინიკაში“ ჩატარებული კვლევის შესახებ:

რა იყო კვლევის მიზანი?

ჩვენი კვლევის მიზანი იყო მთელი სხეულის კონტრასტული მრტ კვლევის ეფექტურობის შეფასება ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების მეორადი დაზიანებების გამოვლენის დროს. კვლევა წარიმართა „ავერსის კლინიკის“ ცენტრალურ ფილიალში 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის დეკემბრამდე მიღებულ პაციენტებზე.

კვლევაში ჩართვის კრიტერიუმი იყო ჰისტოლოგიურად დიაგნოზირებული სარძევე ჯირკვლის კიბოს ქონა. ყველა შერჩეულ პაციენტს ჩაუტარდა სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა, მამოგრაფია და მამოგრაფიული ტომოსინთეზი. ისინი იმყოფებოდნენ მამოლოგისა და ონკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

თითოეული პაციენტის შესაფასებლად გამოიყენეს 3 Tesla MRI (Philips Elition, Philips Ingenia). ყველა კვლევა ჩატარებული იყო ინტრავენური კონტრასტირებით.

გამოკვლევა ჩატარდა კორონარულ, აქსიალურ და საგიტალურ ჭრილებში. კვლევის პროტოკოლის მიხედვით გამოყენებული იყო T1-tse, T2-tse, T2 Flair, SPAIR, Stir, DWI და DWI DWIBS რეჟიმები. ინტრავენური კონტრასტირების დროს – THRIVE და T1-tse რეჟიმები.

ჩვენს კვლევაში ჩართვის კრიტერიუმები დააკმაყოფილა 25-მა პაციენტმა, ასაკობრივი დიაპაზონი 25-დან 80 წლამდე. მათგან 17-ს (68%-ს) ჩატარებული ჰქონდა ტოტალური მასტექტომია და აქსილარული ლიმფოდისექცია. 4 პაციენტს (16%-ს) ჩატარებული ჰქონდა სარძევე ჯირკვლის სექტორული რეზექცია.

შეიძლება ითქვას, რომ ყველა პოსტოპერაციული პაციენტი მკურნალობდა ქიმიოთერაპიითა და ჰორმონოთერაპიით. 4 პაციენტს (16%-ს), მთელი სხეულის მრტ კვლევა ჩაუტარდა ქირურგიულ ჩარევამდე – ამის გზით უნდა განსაზღვრულიყო მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა.

მტ-ს ტიპის დაზიანებები გავრცელებული იყო სხვადასხვა ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებში. აღნიშნულ პაციენტებში გამოვლინდა ძვლის, ვისცერული (ფილტვის, ღვიძლის, პლევრის), თავის ტვინის (ცენტრალური ნერვული სისტემის) და ლიმფური კვანძების (იღლიის, რეტროპერიტონეული, მუცლის ღრუს) დაზიანება.

ძვლების მტს ტიპის დაზიანებები გამოვლინდა ყველაზე მეტ პაციენტში (6 პაციენტში, რაც რაოდენობის 24%-ია). ყველა მათგანს ჰქონდა ხერხემლის მტს ტიპის დაზიანებები. ოთხ მათგანს კი ძვლების დიფუზური – ხერხემლის, მკერდის, მენჯისა და ბარძაყის ძვლების მეორადი დაზიანებები.

სრულყოფილი მიმოხილვა იხილეთ EPOS-ის ვებ-გვერდზე: https://epos.myesr.org/poster/esr/ecr2024/C-22854

სტატიის ავტორი:
ავერსის კლინიკის ექიმი- რადიოლოგი, კტ/მრტ სპეციალისტი, ბირთვული მედიცინის სპეციალისტი, ირაკლი ფორჩხიძე MD.

irakli-porchkhidze

ირაკლი ფორჩხიძე MD.

რადიოლოგი, კტ/მრტ სპეციალისტი, ბირთვული მედიცინის სპეციალისტი

საკონტაქტო ინფორმაცია

ავერსის კლინიკა ცენტრალური ფილიალი

თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქ. №27ბ

(032) 2 500 700

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

496