luda-barbakadze-interview

9 ფაქტი ოვულაციური დარღვევების შესახებ

ოვულაციური დარღვევები ქალის უნაყოფობის ყველაზე ხშირ მიზეზს წამოადგენს და უნაყოფო ქალთა 40%-ში გვხვდება.

ოვულაცია – ფოლიკულიდან კვერცხუჯრედის გამოთავისუფლების პროცესია. ანოვულაცია გულისხმობს ოვულაციის არ არსებობას. როდესაც ოვულაცია ხდება, მაგრამ  არარეგულარულად საქმე გვაქვს ოლიგოოვულაციასტან. ანოვულაცია და ოლიგოოვულაცია ოვულაციური დარღვევის ნაირსახეობაა. ოვულაციური დარღვევები ქალის უნაყოფობის ყველაზე ხშირ მიზეზს წამოადგენს და უნაყოფო ქალთა 40%-ში გვხვდება.

რა იწვევს ოვულაციურ დარღვევებს?

  1. ასაკი.

ასაკი წარმოადგენს პირველად ფაქტორს რომელის უარყოფით ზეგავლენას ახდენს ნაყოფიერებაზე. ასაკის მატებასთან ერთად იშვიათდება ოვულაცია და უარესდება კვერცხუჯრედების ხარისხი. საკვერცხის რეზერვის შეფასება საშუალებას იძლევა წინასწარ განისაზღვროს საკვერცხეების ნაადრევი განლევა,  ნაადრევი მენოპაუზა ან სხვა მდგომარეობები, რომლებიც არასასურველ გავლენს ახდენენ ოვულაციაზე.

  1. ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები.

ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა აბები, პლასტირები, რგოლები და ინექციები თრგუნავენ ოვულაციას და იცავენ ქალს არასასურველი ორსულობისაგან. უმეტესი ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შეწყვეტიდან  ოვულაცია აღდგება 2-3 თვეში, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ე.წ „დეპო“ პრეპარატები, რომლებსაც გააჩნიათ გახანგრძლივებული მოქმედება.

  1. პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი.

პოლიცისტოზური საკვერცხის სინდრომისთვის დამახასიათებელია ორი ან სამი კლინიკური ნიშნის არსებობა: მენსტრუაციული ციკლის დარღვევა გადაცდენების სახით; ანდროგენების (მამაკაცური ჰორმონების) სიჭარბე, რაც იწვევს გათმიანებას და აკნეს; ექოსკოპიურად საკვერცხეებში მრავლობითი წვრილცისტური ჩანართები, რომლებიც არ განიცდიან ოვულაციას. პოლიცისტოზური საკვერცხის სინდრომის დროს დარღვეულია ნახშირწყლოვანი ცვლა, მაღალია ინსულინის მაჩვენებლები რაც ზრდის ანდროგენების გამოყოფას, რომელიც თავის მხრივ უარყოფით გავლენას ახდენს ოვულაციაზე.

  1. ენდომეტრიოზი

ენდომეტრიოზი გინეკოლოგიური პათოლოგიაა, რომლის დროსაც აღინიშნება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის (ენდომეტრიუმის) გავრცელება საშვილოსნოს ღრუს გარეთ. ენდომეტრიოზის დროს აღინიშნება ანთებითი რეაქცია, მცირდება კვერცხუჯრედების ხარისხი- მცირდება საკვერცხის მარაგი – რამაც შესაზლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს ოვულაციაზე.

  1. სხეულის ჭარბი წონა.

კვლევების თანახმად, არსებობს მჭიდრო კავშირი სიმსუქნესა და უნაყოფობას შორის. სხეულის ჭარბი წონის დროს ირღვევა ნორმალური მენსტრუალური ციკლისთვის საჭირო  ჰორმონალური ბალანსი, რამაც  შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ოვულაციაზე. სიმსუქნე ასევე ასოცირდება ინსულინ რეზისტენტობასთან და საკვერცხეების პოლიცისტოზის სინდრომთან, რომელიც ასევე დაკავშირებულია ოვულაციურ დარღვევებთან.

  1. სხეულის მასის დეფიციტი

სხეულის მასის დეფიციტი ასევე იწვევს ოვულაციურ დარღვევებს. ოვულაცია და მენსტრუაცია მოითხოვს დიდი რაოდენობით ენერგიას ქალის ორგანიზმიდან. როდესაც ქალი ძალზე მცირე წონაშია, მისი სხეული ცდილობს ენერგიის დაზოგვას გარკვეული ფუნქციების დაპაუზების გზით, მაგალითად, ოვულაციის.

  1. გადაჭარბებული ვარჯიში

გადაჭარბებულმა ვარჯიშმა (კვირაში 7 საათზე მეტი) შესაძლოა გამოიწვიოს ოვულაციური დარღვევები ნორმალური წონის ქალებში. გადაჭარბებული ვარჯიშით გამოწვეული უნაყოფობის მიზეზია რეპროდუქციული სისტემის რეგულაციაში მონაწილე ჰორმონების (GnRH, FSH, LH და ესტრადიოლი) გამოყოფის დარღვევა – რაც მჭიდრო კავშირშია ოვულაციურ დარღვევებთან.

  1. ენდოკრინული დარღვევები.

ცნობილია, რომ ენდოკრინული სისტემის დარღვევებმა ( მაგ. ჰიპოთალამუსის, ფარისებრი ჯირკვლის ან ჰიპოფიზის) შეიძლება გავლენა იქონიოს ოვულაციაზე და საკვერცხის სხვა ფუნქციებზე. მაგალითისთვის ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერ ან ჰიპოფუნქცია არღვევს ოვულაციას, იწვევს უნაყოფობას და მენსტრუაციული ციკლის დარღვევას. პროლაქტინის ჭარბი გამოყოფა ჰიპოფიზიდან ანუ ჰიპერპროლაქტინემია ასევე იწვევს ანოვულაციას და უნაყოფობას.

  1. ძილის დარღვევები

ძილის დარღვევები (მაგ. ინსომნია) უარყოფითად მოქმედებს ქალის ოვულაციურ ფუნქციაზე, ვინაიდან ძილი არეგულირებს ისეთი ჰორმონების ბალანსს, როგორიცაა თირეოტროპული ჰორმონი, მალუთეინიზირებელი ჰორმონი (აუცილებელია ოვულაციისთვის), ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი (მნიშვნელოვანია ფოლიკულის მომწიფებისთვის), პროგესტერონი და სხვა. ამდენად, ჯანსაღი ძილი მნიშვნელოვანია ნორმალური რეპროდუქციული ფუნქციისთვის.

luda-barbakadze

ლუდა ბარბაქაძე MD. Ph.D.

მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი

საკონტაქტო ინფორმაცია

რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი-ხელმ. პროფესორი არჩილ ხომასურიძე

თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13

(032) 224 00 99

info@reproinstitute.ge

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

1780