jalalishvili-gia-operation

გია ჯალალიშვილის უნიკალური ოპერაცია

აქტიური პაციენტები, რომლებიც ფსიქოლოგიურად დადებითად არიან განწყობილები, მალე აღიდგენენ ფორმას.

gia-jalalishvili

ჯალალიშვილი გია MD.

მტევნისა და ტერფის ქირურგი, ორთოპედ–ტრავმატოლოგი

ადამიანის ტერფი და მტევანი რთული ანატომიური სტრუქტურის მქონე სხეულის ნაწილებია. ტერფისა და მტევნის მთლიანობის დარღვევამ შესაძლოა ინვალიდობამდე მიგვიყვანოს.

თანამედროვე მედიცინაში ტერფისა და მტევნის პრობლემები ძალიან აქტუალურია, მისი მკურნალობა კი დიდ სირთულესთან ასოცირდება.

საქართველოს მტევნის ქირურგიის ასოციაციის პრეზიდენტი, მტევნისა და ტერფის ქირურგიის სექტორის ხელმძღვანელი, მტევნისა და ტერფის ქირურგი გია ჯალალიშვილი მტევნის და ტერფის დეფორმაციებს წლებია წარმატებით მკურნალობს. მის მიერ გაკეთებული ოპერაციები კი უნიკალურია.

სულ ცოტა ხნის წინ ბატონმა გიამ კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია ჩაატარა. ოპერაციის სირთულესა და მის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესზე კი ის სამედიცინო პორტალ „VIPMED.GE” – ს ჟურნალისტს ესაუბრა.

– ბატონო გია, სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია გააკეთეთ. გვიამბეთ ამ ოპერაციის შესახებ

– პაციენტი, რომელსაც ოპერაცია გავუკეთეთ, აზერბაიჯანის მოქალაქეა. მას ტრავმის შემდგომი მადელუნგის დეფორმაცია ჰქონდა განვითარებული (ბავშვთა ასაკში ძვლის საზდელი ზონის დაზიანების შედეგად დაზიანებული ძვლის ზრდის სიჩქარე მცირდება). პაციენტი ჩვენთან ბაქოში გაკეთებული ოპერაციიდან ორი-სამი წლის შემდეგ ძლიერი ტკივილებით, დეფორმაციითა და ფუნქციის მკვეთრი შეზღუდვით მოვიდა. ოპერაციამდე მას არაფრის გაკეთება არ შეეძლო. შედეგის მისაღწევად დაახლოებით წლინახევარი ვიბრძოლეთ, თუმცა საბედნიეროდ, ეს ბრძოლა წარმატებით დასრულდა.

მედიცინაში წარმატების მიღწევის შანსები ყოველთვისაა, იმისთვის, რომ მკურნალობა კარგი შედეგით დასრულდეს, ოპერაციამდე პაციენტს საგულდაგულოდ ვამზადებთ – დაწყებული სისხლის ანალიზითა და დამთავრებული დენსიტომეტრიით. თუ პაციენტი დამჯერია, მკურნალობა კარგი შედეგით სრულდება. უდიდესი მნიშვნელობა აქვს განწყობასაც, როდესაც პაციენტი ჩვენთან დადებითი განწყობით მოდის, მკურნალობა კარგი შედეგით სრულდება.

– რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს პაციენტმა ოპერაციამდე მოსამზადებელ პერიოდში?

– როდესაც ძვალზე გეგმიურ ოპერაციას ვაპირებ, პირველ რიგში, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ძვალი შეხორცდება – ამისათვის უნდა ვიცოდე, კალციუმისა და D ვიტამინის შემცველობა სისხლში, ანუ შეხორცების ფაქტორები. ასევე შეიძლება პაციენტს ვენების ან არტერიების უკმარისობა ჰქონდეს, ან დარღვეული ქონდეს ინერვაცია. ნერვზე ოპერაციის დროს დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ მისი ნერვი სიცოცხლისუნარიანია. თუ ნერვი უვარგისია, ასეთ დროს ყველანაირ მცდელობას აზრი ეკარგება.

– როდის არის ოპერაცია სარისკო?

-ოპერაცია სარისკოა, როდესაც საქმე სისხლძარღვოვან უკმარისობასთან გვაქვს, მაგალითად: არტერია არ მუშაობს. ამ შემთხვევაში გეგმიური ოპერაციის დაგეგმვა სარისკოა, რადგან შესაძლოა პაციენტს არტერიის დაზიანების დროს კიდური საამპუტაციო გაუხდეს. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი: თუ მწვავე და გადაუდებელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მაშინ ჯერ ანგიოქირურგი მკვებავ არტერიებს კარგად აღადგენს და როდესაც მათი დაზიანების საშიშროება აღარ იქნება, ვაკეთებ ოსტეოსინთეზს.

– ოპერაციამდე კიდევ რა მნიშვნელოვანი ფაქტორებია გასათვალისწინებელი?

– ოპერაციის წინ აუცილებლად უნდა განისაზღვროს წარმატების შანსები და პაციენტთან ერთად გადავწყვიტოთ, რამდენად საჭიროა მისთვის ეს ოპერაცია. მე ყოველთვის ვცდილობ პაციენტს გავუმახვილო ყურადღება მოსალოდნელ რისკ – ფაქტორებზე ოპერაციის დროს და ოპერაციის შემდეგ.

– რომელი სპეციალობის ექიმები მონაწილეობენ ოპერაციის წინა მოსამზადებელ პერიოდსა და უშუალოდ ოპერაციის დროს?

– მკურნალობას ჯერ გამოკვლევით ვიწყებთ. თუ პაციენტის ორგანიზმში რაიმე ფაქტორის დეფიციტია (მაგალითად კალციუმი ან D ვიტამინი), ის ჯერ ენდოკრინოლოგთან მკურნალობს. თუ სისხლის ფორმულაა არეული – ჰემატოლოგთან, ნერვული სისტემის მოშლას აქვს ადგილი – ნევროლოგთან, ისტერია? – ფსიქოლოგთან. ჩვენს ჯგუფში გაერთიანებულია თითქმის ყველა ეს სპეციალისტი. მათ ზუსტად იციან რა მჭირდება.

– ოპერაციის ტექნიკურ აღჭურვილობაზეც მესაუბრეთ

– ასეთი ოპერაციების გაკეთებას სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა სჭირდება, რომელსაც სიარმი ჰქვია (კოლეგებში მეტად ნაცნობი ეოპი). ეს არის რენტგენის სპეციალური აპარატი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ოპერაციას თვალი ვადევნოთ 3D განზომილებაში. აღნიშნული ტექნოლოგია სულ რამდენიმე კლინიკაში არსებობს. მისი დახმარებით მთელი ოპერაციის მსვლელობას 3D – განზომილებაში ვუყურებ და სანამ ძვლოვან ფრაგმენტებს ძალიან ზუსტად არ ჩავასწორებ, მანამდე არ „ვნებდები“. აქედან გამომდინარე, ჩემი ოპერაციების დროს ტექნიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ჯანდაცვა თუ აფინანსებსნ ამ ოპერაციას საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში?

– საყოველთაო ჯანდაცვა ყველა ოპერაციას აფინანსებს, მართალია ნაწილობრივ, მაგრამ პაციენტებს მადლობის მეტი რა ეთქმით. რასაც საყოველთაო დაზღვევა სხვადასხვა მიზეზების გამო მთლიანად ვერ აფინანსებს, პაციენტს ამ თანხის დაფინანსებაზე განაცხადი მერიაში ან გამგეობაში შეაქვს. იშვიათად რომ პაციენტს რაიმე თანხის გადახდა მოუწიოს. ამ წლების განმავლობაში უამრავ ადამიანს მიეცა ოპერაციის გაკეთების საშუალება.

რაც შეეხება ოპარაციის ღირებულებას, რაც უფრო ხანგრძლივია ოპერაცია და რაც მეტი ექიმი მონაწილეობს ოპერაციის პროცესში, მით უფრო ძვირადღირებულია ის.

– ბატონო გია, როგორია ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი?

– რა სირთულის ოპერაციაც უნდა გავაკეთო, მცირე თუ დიდი ხანგრძლივობის, თუ მყარი ფიქსაცია მივიღე და ოპერაციის დროს გაკერვამდე დავრწმუნდი, რომ ძვლები ძალიან მყარად დგას, ამ შეთხვევაში რეაბილიტაცია მხოლოდ 1 ან 2 კვირას მოიცავს და იმობილიზაციაც მალე იხსნება. თუ მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ფიქსაცია არამყარია, ამ დროს რეაბილიტაცია შესაძლოა 4 – 5 თვე გაგრძელდეს.

პაციენტმა რეაბილიტაციის დროს უნდა ივარჯიშოს, მიიღოს ის მედიკამენტები, რომლებსაც ენდოკრინოლოგები ან ანგიოქირურგები დაუნიშნავენ, იაროს სარეაბილიტაციო ცენტრებში, ჩაიტაროს ფიზიოპროცედურებისა და კინეზოთერაპიის სრული კურსი და რაც ყველაზე მთავარია, მოთმინება და მონდომება გამოიჩინოს.

რეაბილიტაციის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი – განწყობაა. ბევრი ისეთი პაციენტი მყოლია, რომელთა ოპერაცია წარმატებით დასრულებულა, თუმცა ცუდი განწყობის გამო გამოჯანმრთელების პროცესი გახანგრძლივებულა. აქტიური პაციენტები, რომლებიც ფსიქოლოგიურად დადებითად არიან განწყობილები, მალე აღიდგენენ ფორმას.

– ბატონო გია, თქვენი ოპერაციები ყოველთვის წარმატებით სრულდება?

– რა თქმა უნდა არა, მაგრამ ეს ხდება მაშინ, როდესაც თავს ზემოთ ძალა არ არის, ანუ როცა წარმატების რესუსრსი ნოლის ტოლია. ყოველ შემთხვევაში ჩემს საქმეში ძალიან ეჭვიანი და ფრთხილი ვარ, თითოეულ პაციენტს ძალიან ბევრს ვესაუბრები, ყველა საოპერაციო პაციენტს ჩემთვის საჭირო სხ/სხ ტიპის გამოკვლევებს დაუზოგავად ვუტარებ (რენტგენებს, პლანტოგრაფიას, MRI, CT, ექოსკოპიას, ციტოლოგიას) და ამით ვცდილობ წარუმატებლობის შანსები მინიმუმამდე დავიყვანო.

gia-jalalishvili

ჯალალიშვილი გია MD.

ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ქირურგი

საკონტაქტო ინფორმაცია

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი

თბილისი, აბულაძის ქ.7/ მარიჯანის ქ.2ბ; მირიან მეფის 11.

(032) 2800 815

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

1447