psoriatic-arthritis

ფსორიოზული ართრიტები – ირაკლი შელია

ფსორიაზული ართრიტები სახსრების ანთების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ფსორიაზით დაავადებულებს ემართებათ, თუმცა შესაძლოა, ფსორიაზისთვის დამახასიათებელი ნიშნების გარეშეც იჩინოს თავი. მისი დროული აღმოჩენა და მკურნალობა სახსრების შორს წასული დაზიანების თავიდან აცილებას ნიშნავს.

irakli-shelia

ირაკლი შელია

რეაბილიტოლოგი-რევმატოლოგი

ფსორიაზი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც კანზე წითელი და თეთრი ქერცლოვანი ლაქების არსებობით გამოიხატება. მას კანზე ორგანიზმის იმუნური სისტემის შეტევა იწვევს. ფსორიაზით დაავადებული ათი ადამიანიდან ორს ან სამს უვითარდება ფსორიაზული ართრიტი, რომელიც სახსრების ტკივილით, დაჭიმულობითა და შეშუპებით ვლინდება. ფსორიაზული ართრიტის სიმპტომები, ფსორიაზის მსგავსად, ხან მწვავდება, ხან ცხრება, სხვადასხვა ადამიანთან სხვადასხვანაირად იჩენს თავს და თანდათან უფრო და უფრო მეტ სახსარს ითრევს.

დაავადება უმეტესად 30-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანებთან აღირიცხება, თუმცა შესაძლოა, ადრეულ ბავშვობაშიც დაიწყოს. ქალებსა და მამაკაცებს დაავადების თანაბარი რისკი აქვთ. ფსორიაზული ართრიტი უმეტესად ფსორიაზის განვითარებიდან ათი წლის შემდეგ იწყება, თუმცა არის შემთხვევები, როცა მისი სიმპტომები უსწრებს ფსორიაზის ნიშნებს.

ფსორიაზული ართრიტი შესაძლოა განვითარდეს ნელა, მსუბუქად ან სწრაფად და მძიმედ. ზოგჯერ მას ბიძგს აძლევს სახსრის ტრავმული დაზიანება. ფსორიაზული ართრიტის დროს ორგანიზმის ნებისმიერი სახსრის დაზიანებაა მოსალოდნელი. ზოგჯერ პროცესში მხოლოდ ერთი სახსარია ჩართული, ზოგჯერ კი რამდენიმე.
ფსორიაზული ართრიტის ერთ-ერთი სახასიათო ნიშანია ტკივილი მყესებისა და იოგების ძვლებთან შეერთების ადგილას. იმის მიხედვით, რომელი უბანია დაზიანებული, ტკივილმა შესაძლოა თავი იჩინოს ქუსლზე, ტერფზე, იდაყვების გარშემო…

დაავადებისთვის დამახასიათებელია სისუსტე, მტკივნეულობა და შეშუპება მყესების ირგვლივ, ხელისა და ფეხის თითების შეშუპება, რის შედეგადაც თითები ძეხვს ემსგავსება, ერთი ან რამდენიმე სახსრის დაჭიმულობა, მტკივნეულობა, პულსაცია, შეშუპება და მომატებული მგრძნობელობა, მოძრაობის დიაპაზონის შეზღუდვა, დილის შებოჭილობა და დაღლილობა, წერტილოვანი ჩაზნექილობა ფრჩხილებზე ან სარეცლისგან ფრჩხილის განცალკევება, უვეიტი (თვალების სიწითლე, მტკივნეულობა, მხედველობის დაბინდვა). ფსორიაზული ართრიტის სიმძიმე ფსორიაზის სიმძიმეზე ნაკლებადაა დამოკიდებული. კანის მცირე დაზიანების შემთხვევაშც კი ართრიტმა შესაძლოა მრავალი სახსარი მოიცვას.
ხშირად აღინიშნება ანემიაც – სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობა. ზოგიერთ პაციენტს ხასიათიც ეცვლება.

დაავადებულთა მცირე ნაწილს სახსრების მუდმივი ანთება შესაძლოა წვრილი ძვლების დაზიანებით და დეფორმაციით გაურთულდეს და ინვალიდობამდეც კი მივიდეს საქმე. ვფიქრობ, ნათელია, რაოდენ მნიშვნელოვანია დიაგნოზის დროულად დასმა. მკურნალობა პაციენტთა უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი და ეფექტურია.

ფსორიაზული ართრიტის მიზეზი, ისევე როგორც თავად ფორიაზისა, საბოლოოდ დადგენილი არ არის. ორივე დაავადება საკმაოდ კომპლექსურია. ვარაუდობენ, რომ განსაზღვრული გენეტიკური და გარეგანი ფაქტორების თანხვედრისას იწყება ანთებითი პროცესები იმუნური მექანიზმების გააქტიურებით. პაცოენტთა დაახლოებით 40%-ს ჰყავს ფსორიაზით ან ართრიტით დაავადებული ოჯახის წევრი, რაც გენეტიკური განწყობის მნიშვნელობაზე მეტყველებს. ასეთ ადამიანებთან დაავადების გამოვლენას ინფექცია, სტრესი, ფიზიკური ტრავმა და სხვა გარეგანი ფაქტორები უწყობს ხელს.

ფსორიაზული ართრიტის მართვა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული დროულ დიაგნოსტიკაზე. ვინაიდან სპეციფიკური ტესტი არ არსებობს, დიაგნოზი უმეტესად ექიმის მიერ პაციენტის შეფასების და სხვა დაავადებების გამორიცხვის საფუძველზე ისმება.

თავდაპირველად ექიმი ამოწმებს სახსრების შეშუპებას და მტკივნეულობას, მოძრაობის დიაპაზონს, ართრიტისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, ფსორიაზისთვის დამახასიათებელ კანისა და ფრჩხილების ცვლილებებს. სახსრის დაზიანების შესაფასებლად ტარდება რენტგენოლოგიური კვლევა. უფრო დეტალური შეფასება შესაძლებელია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით, ულტრაბგერითი კვლევით ან კომპიუტერული ტომოგრაფიით.

სისხლის ანალიზით გამოირიცხება ართრიტის სხვა ტიპები, რომლებსაც მსგავსი სიმპტომები ახასიათებს, მათ შორის – პოდაგრა, ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტი. ყურადღება ექცევა ჩ რეაქტიულ ცილას და რევმატოიდულ ფაქტორს. ფსორიაზული ართრიტის დროს რევმატოიდული ფაქტორი თითქმის ყოველთვის უარყოფითია. თუ ის დადებითი აღმოჩნდა, რევმატოიდულ ართრიტს ვარაუდობენ. სახსრის ირგვლივ არსებული სითხის ანალიზი პოდაგრისა და ინფექციური ართრიტის გამორიცხვის საშუალებას იძლევა. ფსორიაზული ართრიტის დროს სისხლის ანალიზი ავლენს ანთების მაღალ ხარისხს, ზოგჯერ კი – მსუბუქად გამოხატულ ანემიას.

ფსორიაზულ ართრიტს ექიმი რევმატოლოგი მართავს.

ცხოვრება ფსორიაზული ართრიტით ართრიტის მქონე ადამიანები ცოტას მოძრაობენ, რასაც სახსრების შებოჭილობამდე და კუნთების სისუსტემდე მივყავართ. კვლევები მოწმობს, რომ რეგულარული ვარჯიში ერთ-ერთი საუკეთესო გზაა სახსრების ტკივილისა და დაჭიმულობის შესამცირებლად, მათი მოქნილობის შესანარჩუნებლად. ამისთვის საკმარისია ყოველკვირეული 150-წუთიანი ზომიერი ფიზიკური დატვირთვა – ფეხით სიარული, ცურვა ან ველოსიპედის მართვა.

ფსორიოზული ართრიტები – მკურნალობა.

იყენებენ სხვადასხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს; კორტიკოსტეროიდების სახსარშიგა შეყვანა; საკმარისი ეფექტის არარსებობისას ატარებენ პლაზმაფერეზის კურსს და სხვა.

სამკურანალოდ გთხოვთ დაჯავშნოთ ვიზიტი ექიმთან.

irakli-shelia

ირაკლი შელია

რეაბილიტოლოგი-რევმატოლოგი

საკონტაქტო ინფორმაცია

აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი

თბილისი, ლუბლიანას ქ. 18/20

(032) 2 51 87 15

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

757