ირაკლი ფერაძეს ინტერვიუ

მას, ვისაც ვენების ვარიკოზი აწუხებს და კორონა ვირუსიც დაემართა, ლოგიკურად მეტი ალბათობა გააჩნია, რომ ვენური დაავადების მხრივ გართულება დაემართოს, რადგან ამ დაავადებისთვის თრომბები და თრომბოემბოლიური გართულებები დამახასიათებელია. კოვიდის დროს სისხლის შედედების სისტემა სისხლის შედედების მომატებისკენ საკმაოდ ზიანდება.

ირაკლი ფერაძე MD. PhD.

სისხლძარღვთა ქირურგი

“როგორ რთულდება ვარიკოზული დაავადება კორონა ვირუსის დროს?” – ირაკლი ფერაძე

ბოლო პერიოდში მსოფლიოში ვენურმა დაავადებებმა საგრძნობლად იმატა. გაახალგაზრდავდა ასაკიც ვარიკოზის თვალსაზრისით, თუმცა ყველამ შესაძლოა არც იცის, რომ ვენურ დაავადებებს კორონა ვირუსთან სერიოზული კავშირი გააჩნია. როგორც სისხლძარღვთა და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი-ირაკლი ფერაძე სამედიცინო პორტალი VIPMED.GE-თან ინტერვიუში აღნიშნავს, მათ, ვისაც ვენების ვარიკოზი აწუხებს და კორონა ვირუსიც დაემართა, ლოგიკურად დიდი შანსი აქვს ვარიკოზული დაავადების მხრივ გართულება მოხდეს, რადგან ამ დაავადებისთვის თრომბები და თრომბოემბოლიური გართულებები დამახასიათებელია. მისივე თქმით, კოვიდი მანამდე თანმხლებ დაავადებას ძირითად დაავადებად აქცევს.

– ბატონო ირაკლი, შესაძლოა თუ არა კორონა ვირუსმა ვარიკოზული ვენური უკმარისობის გამწვავება გამოიწვიოს ან პირიქით, ვარიკოზულმა პრობლემებმა გაართულოს კორონა ვირუსი?

–ორიოდე წუთის წინ მყავდა პაციენტი, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ხშირი ვენური ვარიკოზული დაავადება გააჩნია. ამ პაციენტმა კორონა ვირუსი გადაიტანა. მას კუაგოლოგიაში ანუ სისხლის შედედების სისტემაში ამ დაავადებისათვის დამახასიათებელი დარღვევები გააჩნია. ვარიკოზული და ვენური დაავადება ყოველგვარი სისხლის შედედების დარღვევის გარეშე მაღალი სიხშირით რთულდება ვენური თრომბოზით. თუ მას სისხლის შედედების სისტემის დარღვევაც ემატება, გართულების ალბათობა თვისებრივად სტატისტიკურად რამდენიმე ათეულჯერ იზრდება. შესაბამისად, კოვიდი მანამდე თანმხლებ დაავადებას ძირითად დაავადებად აქცევს. თუ კოვიდის დროს თანმხლები დაავადება ვენური დაავადება იყო, შესაძლოა, სისხლის შედედების სისტემის დარღვევამ ვარიკოზული დაავადების ფონზე თრომბოზის განვითარება და ფილტვის არტერიის სასიცოცხლოდ საშიში, ზოგჯერ კი სასიკვდილო თრომბოემბოლიის განვითარება გამოიწვიოს.

-როდის პროგრესირებს ვარიკოზული ვენური დაავადება და ვის ემართება ის?

-ვენური დაავადება არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ, მთელი წლის განმავლობაში პროგრესირებს.

ვარიკოზული დაავადება მხოლოდ ადამიანს ემართება და ამის ერთადერთი მიზეზი გრავიტაციაა. თუ ცხოველში უკანა თათებიდან სისხლი ჰორიზონტალურად გულისკენ მიდის, ადამიანში სისხლმა ქვემოდან ზემოთ, გულისკენ უნდა აიაროს. ეს სისხლი ქვემო კიდურების ვენებს მუდმივად აწვება. ვენებში არის სპეციალური “მოწყობილობები”, სარქველები, რომლებიც იმისთვის არის განკუთვნილი, რომ სისხლი მხოლოდ ქვემოდან ზემოთ გაუშვას. ეს მექამნიზმი ცხოველებში კარგად მუშაობს, მაგრამ ადამიანის სხეული ვერტიკალურად არის განლაგებული, ამიტომ სისხლი ამ სარქველებს 10-12-ჯერ მეტი დატვირთვა უწევს. სარქველს ამხელა სიმაღლის სითხე რომ აწვება, იტვირთება, ფუჭდება და იმის მაგივრად, რომ ქვემოდან ზემოთ იმოძრაოს, სიხლი ნაწილობრივ ზემოდან ქვემოთ იწყებს მოძრაობას, მეტწილად კი „გუბდება“. შესაბამისად, ქსოვილების კვება ირღვევა, ვენის კედელი გადაიწელება, ვენის კედლის ანთება ხდება და ანთებითი ვენური კედელი სისხლის მოძრაობის შეფერხებასთან ერთად შესაძლებელია სისხლის კოლტის – თრომბის წარმოქმნის მიზეზი გახდეს, რასაც მძიმე გართულებები მოყვება- ხოლმე.

ჩვენ ქსოვილების გაწელვას ვგრძნობთ, მაგრამ არ გვაქვს შეგრძნება თუ რა ხდება ვენის შიგნით. თრომბის, კოლტის წარმოქმნას მაშინ ვიგრძნობთ, თუ მოწყდება, ფილტვში მოხვდება და „დაგვახრჩობს“.

-რა სიმპტომები ახლავს თან ვენურ დაავადებებს?

-ვენური დაავადების სიმპტომებია: სიმძიმის შეგრძნება, გამბჯენი ტკივილები წვივებში, უსიამოვნო შეგრძნებები. თუ ჯდომის ან დგომის დროს ფეხის ჩამოშვების შემთხვევაში უსიამოვნო შეგრძნება ძლიერდება, ხოლო წამოწოლის დროს ფეხის შემოდების შემთხვევაში ეს შეგრძნება მცირდება, საქმე ვენურ დაავადებასთან გვაქვს და დროა, სპეციალისტს მივაკითხოთ. ნურავინ იფიქრებს, რომ თუ გარედან ვარიკოზული კვანძები არ არის, საშიშროება არ არსებობს, რადგან შესაძლოა აღნიშნული კვანძები კანქვეშა ქსოვილში იყოს ჩამალული და ჯერ არ ჩანდეს. თუ წვა, გამბჯენი ტკივილები, სიმხურვალის შეგრძნება დაგვეწყო და ეს სიმპტომები ზაფხულში, ჯდომისა და დგომის დროს კიდევ უფრო გაძლიერდა, სისხლძარღვთა სპეციალისტს დაუყოვნებლივ მივმართოთ. შესაძლოა, სიმპტომები ჯერ კიდევ სუსტად იყოს გამოხატული, მაგრამ დაავადება უკვე შორს იყოს წასული.

დაავადების სივერაგე იმაში მდგომარეობს, რომ სანამ არ რთულდება, პაციენტებს გააჩნიათ მხოლოდ სიმძიმის შეგრძნება, გამბჯენი ტკივილები ქვემო კიდურებში, ვარიკოზული კვანძები ან ვენური ობობები ქვემო კიდურებზე, რასაც ქართველი ქალები დიდ ყურადღებას არ აქცევენ. ისინი ხომ ტკივილისა და დისკომფორტის მოთმენაში „ლეგენდარულები“ არიან. ერთ მშვენიერ დღეს კი სერიოზული გართულებები იწყება.

ვენური დაავადების მქონე პაციენტები უკვე შორს წასულ შემთხვეაში გვაკითხავენ. სხვა ქვეყნის პაციენტებთან ურთიერთობის ერთგვარი გამოცდილება გამაჩნია. დამიჯერეთ, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდებიან ჩვენგან. შესაძლოა, აზიურ ქვეყნებში ადამიანი არ არის მიჩვეული თავისი სხეულის პატივისცემას. ამას კი იმით ამართლებს, რომ ოჯახის წევრების ნერვიულობა არ სურს. იმას კი ვერ ხვდება, რომ თუ დაავადება გართულდა, ისევ მისი შვილებისა და შვილიშვილების სანერვიულო გახდება. იესო ქრისტეს ცნობილი სიტყვებია: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. თუ შენი თავი არ გიყვარს, ვერც მოყვასი გეყვარება. შვედეთში ახალგაზრდა ქალბატონები სპეციალისტთან გამოკვლევებზე წელიწადში ერთხელ მაინც მიდიან და საჭიროების შემთხვევაში ლაზერულ აბლაციას იკეთებენ. საქართველოში კი უკვე მძიმე ვარიკოზით მოგვმართავენ. შედეგად, მისი მართვა როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვის გაცილებით რთული და შრომატევადია. დროული მომართვიანობის შემთხვევაში ვენური დაავადების გართულების თავიდან აცილება მარტივია.

ვარიკოზული კვანძის შემთხვევაში მაშინაც კი უნდა მივმართოთ სპეციალისტს, როდესაც ტკივილები ჯერ კიდევ არ გვაქვს, ვინაიდან ეს კვანძი საკმაოდ მძიმე დარღვევების გარეგანი მაჩვენებელი შეიძლება იყოს. როგორც ითქვა, თუ ღერო დაზიანებულია, ღეროში სიხლი უკან მიდის ან დგას, ეს ყველაფერი შესაძლოა ისე გართულდეს, რომ მკურნალობა დაგვიანდეს. სამწუხაროდ, დაგვიანებული შემთხვევები სავალალო შედეგებით ხშირად დასრულებულა. არსებობს სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, ყოველი შვიდი უეცარი გარდაცვალებიდან ერთი შემთხვევა სწორედ ვენურ დაავადებასთან ასოცირებულ თრომბოზთან არის კავშირში. თუ ინფაქტსა და ინსულტს სიმპტომებიდან გამომდინარე გარკვეული წინაპირობები გააჩნია, ვენური დაავადებების შემთხვევაში, სანამ თრომბი და მასთან ერთად სხვა გართულებები არ წარმოიქმნება, მანამდე ადამიანს მნიშვნელოვნად არ აწუხებს.

-ბატონო ირაკლი, რამდენად გაახალგაზრდავდა ასაკი ვენური დაავადების თვალსაზრისით?

-სამწუხაროდ, ვენური დაავადების თვალსაზრისით ასაკი გაახალგაზრდავდა, რაც სხვადასხვა ფაქტორით არის გამოწვეული. მთავარი მიზეზები ჭარბწონიანობა და უმოძრაო ცხოვრების წესია. თუ მე-20 საუკუნის 20-იან, 40-იან წლებში ჭარბწონიანი ადამიანების რაოდენობა მცირე იყო, დღეს ამ პრობლემამ იმატა. თუ ძველად ადამიანი მეტ ფიზიკურ აქტივობას ეწეოდა, დღეს უმოძრაო ცხოვრების წესია გამეფებული, რაც ამ დაავადებას აჩქარებს. ხშირია ჰორმონალური დარღვევები, რაც აგრეთვე ვენური უკმარისობის შემთხვევების გახშირებას იწვევს. სოციალური პირობებიდან გამომდინარე ექიმები ამ დაავადებასთან ომს ხშირად ვაგებთ. მინდა პაციენტებს ვურჩიო, რომ საწყის სტადიაზე მოაგვარონ წონის პრობლემა, ატარონ ელასტიური ბინტები, ფიზიკური აქტივობა გააძლიერონ, დაკავდნენ სპორტით: ფიტნესით, ცურვით.

-რას გვეტყვით ლაზერულ აბლაციაზე, რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია ის?

ჩვენ გუნდს რაოდენობრივად, თვისობრივად და ხარისხობრივად საქართველოში ყველაზე დიდი გამოცდილება გააჩნია ვენური დაავადების, როგორც ღია ჩარევების, ისე ლაზერული აბლაციის სახით.

სანამ ლაზერული აბლაცია შემოვიდოდა, გართულებული ვენური დაავადების ქირურგიული მკურნალობის მეთოდად სტრიპინგს ვიყენებდით, სპეციალური ზონდი დაზიანებულ ვენურ ღეროში განაკვეთებით შედიოდა და ამ ღეროს ვჭრიდით. დაზიანებული ღეროს განადგურებით კი პრობლემა აღმოიფხვრება. დღესდღეობით, მედიცინამ ძალიან კარგი მეთოდი გამოიგონა: დაზიანებული ღეროების განადგურება განაკვეთის გარეშე. ვჩხვლეტთ დაზიანებულ ღეროს, შევდივართ სპეციალური მაღალტექნოლოგიური მოწყობილობით- ლაზერის შუქგამტარით, აღნიშნული შუქგამტარი ღეროს პარამეტრებს დაითვლის და ისეთი სიმძლავრისა და სიხშირის ლაზერულ სხივს გაუშვებს, რომ ამ დაზიანებულ და უკვე ჯანმრთელობისთვის საშიშ ვენურ ღეროს მოლეკულებად დაშლის. შედეგი კი იგივეა, რაც ღია ოპერაციის შემთხვევაში, რადგან ღია ოპერაციითაც და ლაზერული აბლაციითაც ერთი და იგივე ორგანო ნადგურდება. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ლაზერულ აბლაციას რეაბილიტაციის პერიოდი არ გააჩნია და დისკომფორტის შეგრძნებაც ვენაში ნემსის ჩხვლეტას უდრის. ლაზერული აბლაციის შემთხვევეაში გართულების ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს. შვედეთში პაციენტები ლაზერულ აბლაციაზე სამსახურის დროს შესვენებაზე მოდიოდნენ, ოპერაციას იკეთებდნენ და სამსახურებში ბრუნდებოდნენ. სანამ ლაზერული მეთოდები იხვეწებოდა, კიდევ იყო კითხვა „ლაზერული აბლაცია თუ ღია ჩარევა?“. დღესდღეობით არსებული დახვეწილი ტექნოლოგიების წყალობით აღარ არსებობს ჩვენებები, რომლის დროსაც ლაზერული აბლაცია არ კეთდება და ის უმეტეს შემთხვევაში ღია ოპერაციას სრულად ცვლის.

-ბატონო ირაკლი, დავუბრუნდეთ კორონა ვირუსს. ადამიანი, რომელიც მიდრეკილია ვარიკოზული დაავადებისკენ, შესაძლოა თუ არა წინასწარ, პროფილაქტიკის მიზნით ჩაიტაროს რაიმე სახის მკურნალობა, რათა კორონა ვირუსის შემთხვევაში ადგილი თრომბს არ ჰქონდეს?

-მას, ვისაც ვენების ვარიკოზი აწუხებს და კორონა ვირუსიც დაემართა, ლოგიკურად მეტი ალბათობა გააჩნია, რომ ვენური დაავადების მხრივ გართულება დაემართოს, რადგან ამ დაავადებისთვის თრომბები და თრომბოემბოლიური გართულებები დამახასიათებელია. კოვიდის დროს სისხლის შედედების სისტემა სისხლის შედედების მომატებისკენ საკმაოდ ზიანდება. იმ შემთხვევაში თუ სისხლის შედედების სისტემა დაზიანებულია და ვარიკოზიც არსებობს, გართულების ალბათობა რამდენიმე ათეულჯერ იზრდება. მათ, ვისაც ვარიკოზული დაავადება გააჩნიათ და კორონა ვირუსიც შეხვდათ, როგორც წესი, ექიმი აძლევთ რეკომენდაციას, შედარებით მაღალი დოზით მიიღონ ანტიკოაგულანტები. ამასთანავე აუცილებლად ვიზრუნოთ ვარიკოზისა და ვენური დაავადების მკურნალობაზე, რადგან კორონა ვირუსი სისხლის შედედების მხრივ დარღვევებს თვეების განმავლობაში ტოვებს, რაც რა თქმა უნდა, ბევრად უფრო დიდი ალბათობით ქმნის სასიკვდილო გართულების საშიშროებას თრომბების წარმოქმნისკენ. ვენურ დაავადებას დროულად უნდა მივხედოთ, საჭიროების შემთხვევაში გავიკეთოთ ლაზერული ოპერაცია, რათა შევამციროთ მისი ალბათობა.

ვარიკოზული დაავადების არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუ საოპერაციო სტადიაა, არ არსებობს მოქმედებები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეგვიმცირებს გართულებების ალბათობას. თუ ოპერაცია საჭიროა და გარკვეული მიზეზით ვერ კეთდება, ყველაზე მნიშვნელოვნად ამ გართულებას მექანიკური დაჭყლეტვა ანუ ელასტიური ბინტი ან სპეციალური ელასტიური ტრიკოტაჟი ამცირებს, თუმცა ეს 100 %-იანი გარანტია ნამდვილად არ არის. კიდევ გავიმეორებ, ვენური დაავადების პრევენცია სპეციალისტთან დროული მიმართვიანობა და სწორი მკურნალობაა. როდესაც წამლებზე საუბრობენ, ყოველთვის მომყავს შემდეგი მაგალითი: ჩავატაროთ ცდა, ქათამი დავკლათ, სისხლი ჭიქაში ჩავასხათ და დავაკვირდეთ რა მოხდება. აღმოვაჩენთ, რომ ძალიან მალე ეს სისხლი შედედდება და კოლტად იქცევა, რადგან დგას და სისხლძარღვის შიგნითა ზედაპირს არ ეხება. სისხლის „გამათხელებლები“ მაქსიმუმ პრობლემის გადავადება და არა გადაჭრაა. ხშირ შემთხვევაში პრობლემის მოგვარებისა და სასიცოხლოდ საშიში გართულებების თავიდან აცილების ერთადერთი მექანიზმი ოპერაცია, ამ შემთხვევაში კი – ლაზერული აბლაციაა. ვარიკოზული დაავადების მქონე პაციენტს კორონა ვირუსის დროს გართულებების მეტი ალბათობა გააჩნია. ამიტომ, ვისაც ვარიკოზი აწუხებს, მკურნალობა დროულად ჩაიტაროს და კორონა ვირუსს ნუ დაელოდება: თუ დროულად აღმოვფხვრით ვენურ დაავადებას, კორონავირუსით გამოწვეული შედედების სისტემის დარღვევების გამო წარმოქმნილი გართულებების ალბათობა სტატისტიკურად იგივე იქნება, რაც ვარიკოზის და ვენური დაავადების არმქონე ადამიანში.

ირაკლი ფერაძე MD. Ph.D.

სისხლძარღვთა ქირურგი

საკონტაქტო ინფორმაცია

კავკასიის მედიცინის ცენტრი

თბილისი, ქავთარაძის ქ. 23

(032) 2 55 05 05

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

444