mikheil-loladze-interview

მიხეილ ლოლაძეს ინტერვიუ

ჩემი მთავარი რჩევაა, ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ფიზიკურად მუდამ აქტიურები ვიყოთ, რათა საყრდენ მამოძრავებელი სისტემა მუდმივად მყარი გვქონდეს. მოსახლეობის დიდი რაოდენობა საოფისე საქმიანობით არის დაკავებული.

mikheil-loladze

მიხეილ ლოლაძე MD.

ორთოპედ-ტრავმატოლოგი

ზამთრის ტრავმების მართვა COVID 19 პირობებში – მიხეილ ლოლაძე

სათხილამურო კურორტების მოყვარულები ზამთრის დადგომისთვის ემზადებიან, თუმცა წელიწადის ამ დროს სიხარულთან ერთად უსიამოვნებებიც მოაქვს. თოვლიან ამინდში ხომ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ტრავმები მატულობს.

როგორც ექიმი ორთოპედ – ტრავმატოლოგი მიხეილ ლოლაძე სამედიცინო პორტალ VIPMED.GE-სთან საუბარში აცხადებს, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საოფისე საქმიანობითა და პასიური ცხოვრების სტილით არის დაკავებული, შვებულების დროს კი ზამთრის კურორტზე მიდის და აქტიურად კავდება ზამთრის სპორტის სახეობებით. ასეთ შემთხვევაში, კუნთოვანი სისტემა ფიზიკური დატვირთვისთვის მზად არ არის და ტრავმის მიღებაც მარტივია.

ძვალ-სახსროვანი სისტემის რა სახის დაზიანებებია ყველაზე გავრცელებული ზამთარში? რამდენად ხშირია ბავშვებში სპორტული აქტივობით გამოწვეული დაზიანებები? როგორ უმკლავდებიან საქართველოში ძვალ-სახსართა პათოლოგიების მკურნალობას პანდემიის პირობებში?-ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ტრავმატოლოგ-ორთოპედი, ბატონი მიხეილ ლოლაძე გვესაუბრება.

-ბატონო მიხეილ, როგორც ცნობილია, ზამთრის დადგომასთან ერთად ტრავმული დაზიანებები მატულობს, უპირატესად ძვალ-სახსროვანი სისტემის რა სახის დაზიანებებია გავრცელებული ზამთარში?

-საბედნიეროდ, საქართველოში, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ყველა სეზონის კურორტი არსებობს. შესაბამისად, ტრავმები ზაფხულშიც და ზამთარშიც აქტუალურია.

ზამთარში ძვალ-სახსროვანი სისტემის დაზიანებათა სტატისტიკა ძირითადად სამთო-სათხილამურო კურორტებზე მიღებული მაღალ ენერგეტიკული ტრავმების ხარჯზე იმატებს. ასეთ დროს, ადამიანმა ქვედა და ზედა კიდურის შემთხვევაში ნებისმიერი სახის ტრავმა შეიძლება მიიღოს, ასევე პოლიტრავმაც ანუ სხეულის რამდენიმე ნაწილის მძიმე ხასიათის დაზიანება. არ არის აუცილებელი, მხოლოდ კიდურები დაზიანდეს. თავის, გულმკერდის, მუცლის, მენჯის ტრავმაც ხშირია.

ზამთარში მიღებულ ძვალ-სახსროვანი სისტემის დაზიანებებში მუხლის სახსრის ტრავმას გამოვყოფ, რომელიც ძირითად შემთხვევაში მაღალ ენერგეტიკულია, რადგან ადამიანები დიდი სისწრაფით სრიალებენ. ასეთ დროს ხშირია, წვივის ძვლების ამოვარდნილობა მუხლის სახსრიდან, მუხლის სახსრის იოგოვანი აპარატის დაზიანება-დაჭიმულობა, მენისკების დაზიანება, მოტეხილობები, რაც შემდგომ ოპერაციულ მკურნალობას საჭიროებს.

– იმატებს თუ არა ხანში შესული ადამიანების მომართვიანობა ზამთრის პერიოდში?

-რისკ-ფაქტორებს ასაკოვანი ადამიანები წარმოადგენენ ოსტეოპოროზული მოტეხილობებით, თუმცა ზამთარში მათი მომართვიანობა არ იზრდება. სეზონურად ზამთრის ტრავმები უფრო იმ ადამიანებს ემართებათ, რომლებიც ფიზიკურ აქტივობას ეწევიან. შესაბამისად, სტატისტიკურად ზამთრის ტრავმები ახალგაზრდებში უფრო ხშირია.

-რამდენად ხშირია ბავშვებში სპორტული აქტივობით გამოწვეული ძვალ-სახსართა დაზიანებები?

-ბოლო წლებში, კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებამ გავლენა იქონია ბავშვთა და მოზარდა ასაკში პასიური ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაზე. ურბანიზაციამ მნიშვნელოვნად შეამცირა ეზოებში ფიზიკური აქტივობის განსახორციელებელი ფართები. ყოველივე ეს, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ბავშვთა და მოზარდა ასაკში ძვალ-კუნთოვანი სისტემის განვითარებაზე, რაც თავის მხრივ, ზრდის პერიოდში ტანდეგობის დარღვევისა და ტრავმის მიღების შემთხვევაში მძიმე ხასიათის დაზიანების წინაპირობაა. ბავშვთა ასაკში სპორტული აქტივობით გამოწვეული ტრავმები არც თუ ისე ხშირია ზრდასრულებთან შედარებით, რასაც განაპირობებს მოზარდთა აღნაგობა, ქსოვილების ელასტიურობა და ა.შ.

-საჭიროებს თუ არა სპორტული ტრავმა და სპორტსმენები სპეციფიურ მიდგომას მკურნალობის კუთხით?

-დაკავებულები ვართ სპორტული ტრავმის მკურნალობით, რის გამოც ჩვენს პაციენტთა რიგებში ბევრი სპორტსმენია. მათ თანამედროვე მიდგომებით, მინიმალური ინვაზიით ვმკურნალობთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, პროფესიულ მოღვაწეობას სწრაფად დაუბრუნდნენ.

-გენეტიკური ფაქტორები რამდენად ახდენს გავლენას ძვალ-სახსართა დაავადებეზე?

-ჩვენ არა მხოლოდ ტრავმატოლოგიურ, არამედ, ორთოპედიულ ოპერაციებსაც ვაკეთებთ. საქართველო მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის ენდემურ კერას წარმოადგენს, რასაც შემდგომ ართროზული ცვლილებები მოყვება. დიდ პრობლემას წარმოადგენს მუხლის სახსრის ართროზიც, რაც ძირითადად, ჩვენს წინა თაობებში აკვანში აღზრდის კულტურასთან არის დაკავშირებული. ბავშვს საწოლში ერთ პოზიციაში ხანგრძლივ მდგომარეობაში ყოფნა უწევდა, რის გამოც მენჯ-ბარძაყების სახსრებს სრული და სწორი განვითარების შესაძლებლობა არ ეძლეოდა. ამიტომ, საქართველო ევროპაში ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირებებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ეს გენეტიკური ფაქტორებისა და ჩვენი ტრადიციების შედეგია. საბედნიეროდ, ბავშვების აკვანში აღზრდის მეთოდი რამდენიმე ათეული წელია აღმოიფხვრა, იმატებს დროულ ასაკში მშობლების მიერ ბავშვთა ორთოპედთან მიმართვიანობა, იმისათვის, რომ მომავალში აღმოჩენილი პრობლემები შემდგომში დროულად იქნას ნამკურნალები.

-რას გვეტყვით ტერფის დეფორმაციებსა და ბრტყელტერფიანობაზე?

-არსებობს ტერფის დეფორმაციის სხვადასხვა სახეობა. მათ შორის ყველაზე ხშირი ტერფის დეფორმაცია ანუ პირველი თითის ვალგოსური დეფორმაცია, ე.წ. „ჰალუს ვალგუსი“. მისი მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის: გენეტიკური ფაქტორი, განივი ბრტყელტერფიანობა. განივ ბრტყელტერფიანობას დროული დიაგნოსტირება სჭირდება, იმისთვის, რომ პირველი თითი ღრმა დეფორმაციაში არ წავიდეს, რაც შემდგომ სხვა თითების პოზიციის ცვლილებას იწვევს. ამისათვის, მნიშვნელოვანია, ჩატარდეს ტრავმატოლოგის კონსულტაცია, გაკეთდეს რენტგენოგრაფია და პლანტოგრაფია. პლანტოგრაფია ეს არის კვლევა, რომელიც ტერფის ბრტყელტერფიანობის ხარისხს ითვლის. მზადდება შესაბამისი ღაბაშები, რომლებიც განტვირთავს და აიძულებს ტერფს, იყოს სწორ მდგომარეობაში, რაც მისი დეფორმაციის გახანგრძლივებისა და გაღრმავების წინააღმდეგობის შემქმნელია.

ბრტყელტერფიანობა არც თუ ისე იშვიათია და მისი მკურნალობის დროს ასაკი გასათვალისწინებელია. ბავშვთა ასაკში ის ფიზიოლოგიურად ხშირია, რადგან ტერფი ჩამოყალიბების პროცესშია. ბრტყელტერფიანობა ხშირად კოჭ-წვივის სახსრის ვაროსულ დეფორმაციაში ერევათ. ასეთ შემთხვევაში, ბავშვებში საჭიროა მყარი ფეხსაცმლით სიარული, რომელიც კოჭ-წვივის სახსარს აფიქსირებს. მას შემდეგ, რაც ტერფი ჩამოყალიბებას დაასრულებს, თუ ბრტყელტერფიანობის პრობლემა ისევ დარჩა, მისი კორეგირება ოპერაციული გზით ან ღაბაშებით უნდა მოხდეს.

-ბატონო მიხეილ, რას იტყოდით ძვალ-სახსართა ფარულ დაავადებებზე ჩვილ ბავშვთა ასაკში?

-მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში. მისი დიაგნოსტირება ჩვილ ბავშვთა ასაკში უნდა მოხდეს, რათა შესაბამისი მკურნალობა დროულად ჩატარდეს განმბჯენი არტაშნებით, ძვალ-სახსროვანი სისტემის გამაგრებით, მასაჟებით და აშ. 70- 80 წლის წინ ამ საკითხს არავინ აქცევდა ყურადღებას, რის გამოც მენჯ-ბარძაყის დისპლაზიით გამოწვეული კოქსართროზიანი პაციენტი ბევრია.

ორთოპედიულ პაციენტებთან, რომლებსაც თანდაყოლილი დისპლაზიები, დეფორმაციები გააჩნიათ, დროულად მომართვიანობის შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა პირდაპირ პროპორციულად მცირდება, რაც ზოგავს პაციენტის დროსაც და მის სტაციონარში ყოფნის ხარჯებსაც. ადამიანის დროული აქტივაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა კი ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

-ძვალ-სახსართა პათოლოგიების მკურნალობის მეთოდებზეც მესაუბრეთ…

-მწვავე ტრავმის პირობებში შეგვიძლია პაციენტები 24 საათის განმავლობაში გადაუდებლად მივიღოთ. ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია იმისთვის, რომ ნებისმიერი სირთულის ოპერაცია ვაწარმოოთ. კლინიკა სრულად არის აღჭურვილი როგორც ენდოპროთეზებით, შიდა ფიქსაციის საშუალებებით, ისე სხვა ფიქსაციის საშუალებებით, იმისათვის, რომ პაციენტი შემოსვლიდან მისი ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით რაც შეიძლება სწრაფად მოხვდეს საოპერაციო ბლოკში, დროულად ჩაუტარდეს ოპერაცია, კონსერვატული მკურნალობის შემთხვევაში კი სწრაფად გაეწიოს დახმარება.

მოგეხსენებათ, რომ კოვიდის პირობებში საჭიროა პაციენტის სწორი ტრიაჟი, მიღება და კლინიკის ტერიტორიაზე მინიმალური დაყოვნება. როცა კარგად და სწორად აწყობილი ამბულატორიული მეთოდი მუშაობს, პაციენტთა კონტაქტი ერთმანეთთან მინიმალურად არის შეზღუდული.

-როგორ ხდება ძვალ-სახსართა პათოლოგიების მქონე პაციენტების მართვა პანდემიის პირობებში?

-ჩვენ ვიცავთ ყველა წესს ჩვენი და პაციენტების ჯანმრთელობისათვის, ასევე, იმისთვის, რომ პანდემიასთან ბრძოლაში სახელმწიფოს მიერ გაღებული ყველა რესურსი იყოს დაზოგილი; ჩვენთან პაციენტების ტრიაჟი კლინიკაში შემოსვლისთანავე მიმდინარეობს, ხდება ანამნეზის შეკრება, ტემპერატურის შემოწმება და ყველა სხვა საჭირო ბარიერის სწრაფად გავლა, რათა ყველას დროულად აღმოეჩინოს დახმარება.

იმის მიხედვით თუ რომელ კატეგორიაშია ის კოვიდის კუთხით, კლინიკას გააჩნია რესურსი, მოათავსოს ე. წ. ცხელების განყოფილებაში, მიმღებში ან ჩვეულებრივ განყოფიებაში ემერჯენსის პირობებში. მას კვლევა პათოლოგიის მიხედვით უტარდება. თუ ტრავმაა, შესაბამისი ეკიპირების პირობებში ტრავმატოლოგი ნახულობს, კეთდება საჭირო კვლევები. თუ პაციენტს გადაუდებელი ოპერაციული მკურნალობა ესაჭიროება, მისი ტრანსპორტირება კი სხვა კოვიდის მიმღებ კლინიკაში ვერ ხერხდება, შესაბამისი გზების გავლით, ალტერნატიული შესასვლელით პაციენტი ჩვენს საოპერაციო ბლოკში ხვდება და პერსონალი მას ადეკვატური ეკიპირებით ემსახურება.

აღნიშნული პაციენტი პროტოკოლით გათვალისწინებულ შესაბამის მკურნალობას განაგრძნობს. მოგეხსენებათ, რომ კოვიდს ინკუბაციის პერიოდი გააჩნია, შესაბამისად, შესაძლოა პაციენტს კოვიდისთვის დამახასიათებელი არანაირი ნიშანი არ გააჩნდეს, გადაუდებლად სტაციონარში მოხვდეს, შემდგომ კი სიმპტომები დაეწყოს. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პერსონალის ინფიცირების რისკი იზრდება. ჩვენ გაგვაჩნია სპეციალური პროტოკოლი, რომელსაც ვიყენებთ. რაც შეეხება გეგმიურ მომართვიანობას, ამბულატორიის პირობებში ყველა წესს ვიცავთ, სტაციონარში გეგმიურ ოპერაციაზე დაწვენამდე პაციენტს უფასოდ კოვიდ ტესტი უტარდება, შემდგომ კი წვება სტაციონარში.

–ბატონო მიხეილ, საუბრის დასასრულს, რა რჩევებს მისცემთ საზოგადოებას, იმისთვის რომ თავიდან აიცილოს ტრავმული დაზიანებები?

-ჩემი მთავარი რჩევაა, ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ფიზიკურად მუდამ აქტიურები ვიყოთ, რათა საყრდენ მამოძრავებელი სისტემა მუდმივად მყარი გვქონდეს. მოსახლეობის დიდი რაოდენობა საოფისე საქმიანობით არის დაკავებული. შვებულების დროს კი ზამთრის კურორტზე მიდის და თხილამურებზე დგება. ასეთ შემთხვევაში კუნთოვანი სისტემა ფიზიკური დატვირთვისთვის მზად არ არის და მოტეხილობაც მარტივად ხდება. ორთოპედიული პრობლემების დროს გეგმიურ ვიზიტებზე სიარული პრობლემის აღმოჩენისთანავე საჭიროა. მინდა ყველას ვურჩიო, დროულად მიმართოს ექიმს, ჩვენი მიზანია, ტრავმის შემდგომ ადამიანები სწრაფად დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ წესს, რათა ქვეყნისა და ოჯახის ეკონომიკურ აქტივობაში ჩაერთონ და ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვონ.

მიხეილ ლოლაძესთან ვიზიტზე ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ
ტელ: +995 598 188 211

mikheil-loladze

მიხეილ ლოლაძე MD.

ორთოპედ-ტრავმატოლოგი

საკონტაქტო ინფორმაცია

კავკასიის მედიცინის ცენტრი

თბილისი, ქავთარაძის ქ. 23

(032) 2 55 05 05

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

584