vipart

VIPMED-ის შემქმნელებისგან – ახალი პროექტი VIPART.GE

ხელოვნების მოყვარულებისთვის იქმნება ახალი, საინტერესო ონლაინ სივრცე VIPMED-ის შემქმნელებისგან – თანამედროვე ქართული ხელოვნებისა და ხელოვანების პორტალი Vipart.ge, რომელიც ქართულ სახვით ხელოვნებასა და მის შემოქმედებს დიდ აუდიტორიას წარუდგენს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

d-gv

დავით ღვინიაშვილი

პროექტის ავტორი

გიცდიათ ბოლო პერიოდში თანამედროვე ქართველი მხატვრების შესახებ ინფორმაციის მოძიება? თუ აპირებთ, დროს ტყუილად დაკარგავთ, ვინაიდან თანამედროვე ახალგაზრდა მხატვრები ძირითადად პირადი სოციალური ქსელებით შემოიფარგლებიან და ინტერნეტ სივრცის არცერთ საძიებო სისტემაში არ იძებნებიან. შესაბამისად, მათი ნამუშევრები ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.

საბედნიეროდ, იქმნება ახალი ონლაინ სივრცე, რომელიც ქართულ სახვით ხელოვნებასა და მის შემოქმედებს დიდ აუდიტორიას წარუდგენს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. პროექტი უკვე დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს დროში ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებას საყვარელი მხატვრების პირადი ვებ-გვერდების, მათი ავტობიოგრაფიების, ინტერვიუების, ნამუშევრების დათვალიერების, შეძენისა და მათ შესახებ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობა ექნება გლობალურ სივრცეში. ამ მნიშვნელოვანი არტ სამყაროსთვის სიახლის შესახებ, პროექტისა და იდეის ავტორს, შემოქმედსა და სულისჩამდგმელს – დავით ღვინიაშვილს ვესაუბრეთ.

–ბატონო დავით, როგორ დაიბადა ხელოვნების პორტალის შექმნის იდეა და რა არის მისი მიზანი?

VIPART.GE-ის შექმნის იდეა ჩვენი პირველი პროექტის – სამედიცინო პორტალ VIPMED.ge-ის საიტის გამოცდილებაზე დაყრდნობით მოვიდა. საიტის მიზანი თანამედროვე ქართველი ხელოვანების საზოგადოებისთვის გაცნობა და მათი პოპულარობის გაზრდაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ყველამ იცის ლადო გუდიაშვილის, ნიკო ფიროსმანისა თუ სხვა სასახელო ქართველი მხატვრების შემოქმედება, თუმცა თანამედროვე ფერწერაზე ინტერნეტ სივრცეში არანაირი ინფორმაცია არ მოიძებნება. VIPMED.ge -ს მაგალითი ხელოვანების სამყაროში გადმოვიტანოთ და ფერმწერებს თავიანთი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის სტიმული მივცეთ. გარდა ამისა, იგეგმება ვებ-საიტის შიდა კონკურსები, ხელოვან ადამიანებთან ინტერვიუები და ვიდეო რგოლების პრეზენტაციაც. ასევე შესაძლებელი იქნება, კონკრეტული ნამუშევრების წარდგენა და ხელოვნების პორტალზე სიახლეების სახით გამოტანა, მასზე წვდომა კი ნებისმიერ მსურველს ექნება.

–ამ ეტაპზე ხელოვნების რომელი დარგის გაშუქებას გეგმავთ?

-ამ ეტაპზე მხოლოდ სახვითი ხელოვნების მიმართულებით შემოვიფარგლებით, თუმცა დროთა განმავლობაში დაემატება კულტურის სხვა მიმართულებებიც: ლიტერატურა, მწერლობა, მუსიკა, თეატრი, კინო და ა.შ. ვფიქრობ, ეს ეროვნული საქმეა, რომელიც მომავალში დიდ როლს შეასრულებს ქართული კულტურის განვითარებაში. აქვე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გიორგი გაფრინდაშვილს, გოგა ტრაპაიძესა და ვახტანგ ზუბიაშვილს, რომლებიც ვებ -გვერდის მუშაობის ტექნიკურ საკითხებს განაგებენ. გიორგი იდეის დაბადების მომენტიდან დღემდე აქტიურად არის პროექტში ჩართული და ვაფასებ მის მხარში დგომას. ვახტანგ ზუბიაშვილი კი საიტის აწყობაში გვეხმარება. ამ პროექტს ვუთმობთ საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას, ფაქტობრივად 24 საათიან მუშაობის რეჟიმზე ვართ გადასულები. ასევე მინდა აღვნიშნო სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან ახობაძისა და სამხატვრო აკადემიის დოქტორს, მხატვარი დალი ნაზარიშვილის თანადგომა, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ჩვენი პროექტის დახვეწასა და სწორი მიმართულების მიცემის საქმეში. მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ამ ადამიანს, ვინც უანგაროდ, მხოლოდ ენთუზიაზმით გვედგა გვერდში და ამ პროექტის დაბადებაშიც გარკვეული მონაწილეობა მიიღო.

-როდიდან იქნება საიტი საბოლოოდ მზად?

-საიტის დამზადება დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს დროში ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, ონლაინ რეჟიმში გაიცნოს თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების მოღვაწეები, მათ ბიოგრაფიებსა და ნამუშევრებს. ასევე ექნებათ საშუალება, დაათვალიერონ ჩვენი ლამაზი გალერეები, მუზეუმები, სასახლეები და მათი მოსალოდნელი თუ მიმდინარე გამოფენები, თანამედროვე მიდგომები და სიახლეები ხელოვნების სამყაროში. ნებისმიერ მსურველს ეძლევა საშუალება, სურვილის შემთხვევაში, ონლაინ შეიძინოს მისთვის სასურველი ნამუშევრები ან ხელოვნების ნებისმიერი ნივთი, რომელიც იქნება საიტზე განთავსებული იმ მომენტისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ საიტი არ იქნება სტატიკური, ის დინამიკური, მოძრავი, სიახლეებით მდიდარი გამოვა და ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, ქართველი ხელოვანების ჩართულობით, სახვითი ხელოვნების სფეროში ბევრ საინტერესო მომსახურებას თუ კონკურსს შევთავაზებთ. განსაკუთრებით ამ ეტაპზე, შემოქმედი ადამიანების ჩართულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უამრავი გამოფენა ეწყობა და ეს ინფორმაცია ჩვენი პორტალის მეშვეობით დაიდება. VIPART.GE-ს ვებ-პორტალი იმის საშუალებას იძლევა, რომ ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდოთ მიმდინარე თუ დაგეგმილი გამოფენების შესახებ.

– აქვე მინდა, ბატონ დავითსა და მის გუნდს დიდი წარმატება ვუსურვო. ვფიქრობ, ეს მართლაც ეროვნული საქმეა, რაც მომავალში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს.

სტატიის ავტორი: ნათია ღამბაშიძე

558